ლაღიძე რამაზ მიტროფანეს ძე (6. I. 1913, ქუთაისი, – 26. XI. 1989, თბილისი), ქიმიკოსი. საქართველოს მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1983), ქიმიის მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1955), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967), საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1986). მ. ლაღიძის შვილი. დაამთავრა სპი (1936). 1937–39 მუშაობდა კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატში. 1952-იდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ორგ. სინთეზის ლაბორატორიას.
ლ-ის ნაშრომები ძირითადად ეხება მრავალატომიანი სპირტების, აცეტილენური გლიკოლებისა და მათი რთული ეთერების კონდენსაციის რეაქციებს არენებთან. ლ-მ თანამშრომლებთან ერთად დაამუშავა ძნელად ხელმისაწვდომი ნახშირწყალბადების – დიბენზოპენტალანების სინთეზის ახალი ზოგადი მეთოდი. აშშ-ის მეცნიერების ინიციატივით ამ ნახშირწყალბადებს „ლაღიძის ნახშირწყალბადები“ უწოდეს. ნაერთთა უმრავლესობას აქვს საინტერესო ფიზიოლოგიური ფუნქციები, რ-ებიც ონკოლოგიისა და მედიცინის სხვა დარგების სერიოზულ ყურადღებას იპყრობს. განხორციელებულ სამეცნ. გამოკვლევებს ლ-მ მიუძღვნა მონოგრაფია – „ჩანაცვლებული დიბენზოპენტალანებისა და არალკილჰალოგენიდების სინთეზი და გარდაქმნები“ (1984).
ლ. სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად 1952-იდან ლექციებს კითხულობდა ორგ. ქიმიაში ქუთაისში ა. წულუკიძის სახ. სახელმწ. პედაგოგიურ ინ-ტში (ახლანდ. ა. წერეთლის სახელმწ. უნ-ტი), საქართვ. სოხუმის სუბტროპიკულ მეურნეობათა და საქართვ. პოლიტექნ. (ამჟამად სტუ) ინ-ტებში. მანვე საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრთან ჩამოაყალიბა ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია (1968).
თხზ.: ჩანაცვლებული დიბენზოპენტალანების და არალკილჰალოგენიდების სინთეზი და გარდაქმნები, თბ., 1984.
პ. მამრაძე