ლაღიძე რევაზ ილიას ძე (10. VII. 1921, სოფ. ბაღდათი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 16. X. 1981, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1961), პროფესორი (1978), შოთა რუსთაველის სახ. (1975), სსრკ სახელმწ. (1978), ზ. ფალიაშვილის სახ. (1991), ლენინური კომკავშირის სახელობის (1967) პრემიების ლაურეატი. დაამთავრა თბილ. მე-4 სამუსიკო სასწავლებელი (1939, ვიოლინოს განხრით), თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1948; პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). უკრავდა სიმფონიურ ორკესტრში (1941–49). იყო თბილ. ა. პუშკინის (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი) სახ. პედ. ინ-ტის მუს. კათედრის გამგე (1962—81), 1964-იდან – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლის კათედრა).
ლ-ს ეკუთვნის სხვადასხვა ჟანრის მუს. ნაწარმოებები: ოპერა „ლელა“ (1975), მუს. კომედიები: „მეგობრები“ (1951), „კომბლე“ (1957); სიმფ. პოემა „სამშობლოსათვის“ (1949; ი. ჭავჭავაძის „დიმიტრი თავდადებულის“ მიხედვით); სიმფ. სურათი „საჭიდაო“ (1952), „ლახტი“ (1978); რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა: „სამშობლო“ (1956), „საქართველო“ (1961), „მელის ვარძია“ (1966; ი. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“), „ოდა მესხეთს“ (1969) და სხვ. პიესები ფორტეპიანოსათვის (რონდო-ტოკატა) და ჩელოსათვის (პოემა „ელეგია“ და სხვ.); მუსიკა 40-ზე მეტი დრამ. სპექტაკლისა და კინოფილმებისთვის („ცისკარა“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „განგაში“, „ყვავილი თოვლზე“, „კეთილი ადამიანები“, „გლახის ნაამბობი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „წუთისოფელი“, „შეწყვეტილი სიმღერა“ და სხვ.), ასევე ანიმაციური და დოკუმენტური ფილმებისათვის.
ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა ლ-ის მდიდარმა და მრავალფეროვანმა სასიმღერო შემოქმედებამ, რ-იც გამორჩეულია მელოდიური გამომსახველობითა და ეროვნ. თვითმყოფადობით. ქართული მუს. ხელოვნების საგანძურშია შესული „განთიადი“, „ბალადა ვაზზე“, „ტყე შეუნახე შვილებსა“, „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“, „ჰიმნი დედაენას“, „ჰიმნი ქუთაისს“ და სხვ. საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ „თბილისო“ (2000-იდან თბილისის ჰიმნი), ასევე ი. ჭავჭავაძის ტექსტზე შექმნილმა „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რ-იც XX ს. 90-იან წლებში ეროვნ. მოძრაობის ჰიმნად იქცა. ლ. აღიარებულია ქართული სიმღერის კლასიკოსად.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში და საქართვ. სხვა ქალაქებში არის მისი სახელობის ქუჩები, ასევე სამუსიკო სკოლები. ლ-ის ბიუსტი დგას თბილისსა (ნ. ბარათაშვილის ქუჩის სკვერი) და ბაღდათში (მოქანდაკე თ. აბრამიშვილი).
ლიტ.: ახმეტელი მ., რევაზ ლაღიძე, „საბჭოთა ხელოვნება“, 1975, №7; მისივე, ცხოვრება ხელოვნებაში, თბ., 2008; პაიკიძე ნ., მოგონებებში გაცოცხლებული, თბ., 2002; ტორაძე გ., რ. ლაღიძე, წგ.: მუსიკის სამყაროში, თბ., 2010; Лорткипанидзе К., Советский романс წგ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957; Орджоникидзе Г., Реваз Лагидзе, წგ.: Советская музыка, М., 1956.
მ. ახმეტელი