ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე

ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე, ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული სახელწოდება ანასეულ „ქართლის ცხოვრებაში“ შესული ისტორიული ნაშრომისა, რ-იც დაწერილია უცნობი ქართველი ავტორის მიერ 1222–23. მატიანე იწყება 1125-ის (დავით IV აღმაშენებლის გარდაცვალება და დემეტრე I-ის გამეფება) და მთავრდება 1222–23 წლების (ლაშა გიორგის გარდაცვალება და რუსუდანის გამეფება) ამბებით. შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: „ცხოვრება დემეტრე მეფისა“ (დემეტრე I), „ცხოვრება გიორგი მეფისა“ (გიორგი III), „ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“ და „ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა“ (გიორგი IV ლაშა). ეს მცირე მოცულობის თხზულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში დაცული უხვი და ზუსტი ქრონოლოგიური ცნობებით. აღსანიშნავია, რომ მატიანეში თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად დასახელებულია 427 ქორონიკონი (ე. ი. 1207), რაც დასტურდება სხვა ქართ. და უცხოური წყაროებითაც.

პუბლ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.

ვ. გუჩუა