ლაშარის ჯვარი, წმინდა გიორგის სალოცავი, ფშავის საზოგადოებრივ-რელიგიური ცენტრი. მდებარეობდა ფშავის არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფ. ხოშარის მომიჯნავე ე. წ. „ლაშარის გორზე“. ლ. ჯ. ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რ-იც „გიშრისფაფარიანი ნისლა ცხენით“ წინ მიუძღოდა საყმოს და მტერზე ამარჯვებინებდა; როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა და საქონლის გამრავლებას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლ. ჯ-ის კულტი, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთში, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რ-ნებში, მეზობელ ჩრდ. კავკ. მთიელებში. ამის გამო ლ. ჯ. ითვლებოდა „რჯულიან-ურჯულოთა“ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სალოცავად, რ-იც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მ. შ. საქართველოს მეფეებისგანაც), ადგილ-მამულს, ზვრებს კახეთში და სხვ.
არსებობს შეხედულება (ვახუშტი), რომ ლ. ჯ. აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ამავეს იმეორებს ხალხ. გადმოცემაც, მაგრამ ღვთაების ფუნქციის, ისტ. და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლ. ჯ. ძვ. წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რ-საც ქრისტ. ხანაში ლაშა გიორგის კულტი შეერწყა (ისევე როგორც თამარ-აქიმ დედოფლის კულტს თამარ მეფისა). ქართ. ფოლკლორში მოიპოვება მრავალი ლექსი, რ-ებიც ლ. ჯ-ს (ლაშარელას) ეძღვნება („ლაშარელაჲს ლურჯასა“, „ლაშარის ჯვარი ჯავრობდა“, „დიდობდა ლაშარის ჯვარი“, „თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი“ და სხვ.).
ლიტ.: ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა, თბ., 2018; ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1 – ფშავი, თბ., 1974; კიკნაძე ზ., ჯვარი და საყმო, IX, ქუთ., 1996; ოჩიაური ალ., ქართული ხალხური დღეობები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი), თბ., 1991; ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1972; ჩიქოვანი მ., ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, თბ., 1971.
თ. ოჩიაური