ლაშქარი

ლაშქარი, ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობისაგან (უმთავრესად მოხალისეებისგან) შექმნილი სამხედრო ფორმირება. ლ., როგორც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხალხის ჩაბმის ფორმა, ცნობილია უძველესი დროიდან. ლ-ს უწოდებენ აგრეთვე შუა საუკუნეების მილიციის ტიპის სამხ. ფორმირებებს (რაინდთა, აზნაურთა და საქალაქო ლ.).

ფეოდალურ საქართველოში ლ. ეწოდებოდა როგორც ფეოდ. ჯარს (ფეოდალებსა და მსახურებს), ისე ჯარის ფეოდ. ზედაფენას. ტერმინი „ლაშქარი“ სპარსულიდანაა ნასესხები და მისი დამკვიდრება ასახავს ცვლილებას ადრეფეოდალურ სამხ. ორგანიზაციაში, როდესაც „სპამ“ და „ლაშქარმა“ ჩაანაცვლა „ერი“ – ხალხისაგან გამოსული ჯარი. სახალხო ლ. („ჯარი-ხალხი“) ფეოდალიზმის საბოლოო დამკვიდრებასთან ერთად გაქრა. მისი გაწვევა ხდებოდა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. ასეთ დროს იწვევდნენ ყველა სრულწლოვან მამაკაცს („ქუდზე კაცი“). გვიანდ. შუა საუკუნეებში ლ-ის გაწვევა გახშირდა „ლეკიანობისა“ და ოსმალეთ-სპარსეთის შემოსევების გამო („მდევარი“, „ყარაული“…). საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუს.-ოსმ. და რუს.-ირანის ომებში მონაწილეობდნენ ქართ. ლ-ის (მოხალისეების), ანუ ქართ. მილიციის მრავალრიცხოვანი შენაერთები, რ-ებმაც მამაცური ბრძოლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურეს.

ი. შაიშმელაშვილი