ლაშქარ-ნადირობა

ლაშქარ-ნადირობა, ძირითადი ვასალური მოვალეობა ფეოდალურ საქართველოში. საქართველოს სამეფოში ყველა ვასალი მოვალე იყო მონაწილეობა მიეღო ლაშქრობასა და ე. წ. „სანადიროდ გალაშქრებაში“, ანუ სამეფო ნადირობაში, რ-იც საომარი წვრთნისა და მანევრების როლს ასრულებდა. არაფეოდალთაგან ლ.-ნ. ევალებოდა მსახურთა წოდებას. საქართვ. სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდეგ ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებთან ერთად სიუზერენული უფლებები მოიპოვეს სამცხის, ოდიშისა და გურიის მთავრებმაც. საერთოქართული ლ.-ნ. მოიშალა. XVII ს. II ნახ-იდან გახშირდა გლეხთა მოლაშქრეობა, ხოლო 1774-იდან ქართლ-კახეთის სამეფოში უკვე ყველა გლეხი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში. ამავე დროიდან გაუქმდა სამეფო ნადირობაც.

ლიტ.: ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1979.

ქ. ჩხატარაიშვილი