ლაშქაროვი (ბიბილური) იური პავლეს ძე

ლაშქაროვი (ბიბილური) იური პავლეს ძე (XIX ს. 20-იანი წლები, სანქტ-პეტერბურგი, – 13. IV. 1902, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1868). გენ. პ. ლაშქაროვის ვაჟი. 1844 დაამთავრა გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და კავალერიის იუნკერთა სკოლა. ყირიმისა (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში მეთაურობდა კავალერიის რაზმს და მონაწილეობდა პლევნის ციხესიმაგრის აღებაში. შემდეგ იყო მე-19 საკავალერიო დივიზიისა და დუნაის არმიის (1882-იდან) კავალერიის უფროსი, რუსეთ-რუმინეთის ჯარების შტაბის უფროსი.

დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.