ლაშხიშვილი ხოსია

ლაშხიშვილი ხოსია (გ. დაახლ. 1671), ლეჩხუმის მფლობელი XVII ს. 60-იან წლებში. 1661 ქართლის მეფე ვახტანგ V-ს უჭერდა მხარს ვამეყ III დადიანის წინააღმდეგ ბრძოლაში. მანვე მოაწყო ვამეყ დადიანის მკვლელობა სვანეთში. 1668 ლ. ერთხანს ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის ტახტზე ასულ დარეჯან დედოფალს (თეიმურაზ I-ის ასული, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის მეუღლე) ემხრობოდა, შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, ბოლოს კი თვითონვე მოუკლავს დედოფალი. ლ. მხარს უჭერდა დემეტრე გურიელს იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლაში, შემდეგ მონაწილეობდა შეთქმულებაში, რ-ის შედეგად ბაგრატ IV-მ იმერეთის ტახტი დაიბრუნა. უკანასკნელად მოხსენიებულია 1669 დეკემბრით დათარიღებულ ბაგრატ IV-ის წერილში.

ლიტ.: რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ.), თბ., 1989.

თ. ბერაძე