ლახი რობერტ (29. I. 1874, ვენა, – 11. IX. 1958, ზალცბურგი), ავსტრიელი მუსიკოლოგი, კომპოზიტორი.
1899 დაამთავრა ვენის მუსიკის მოყვარულთა კონსერვატორია. 1902 პრაღის კარლ-ფერდინანდის უნ-ტში მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. იყო ვენის უნ-ტისა (1902–39) და მუს. აკად. (1924–45) პროფესორი, ვენის ეროვნ. ბიბლიოთეკის მუს. განყ-ბის ხელმძღვანელი (1912– 20); მიჩნეულია შედარებითი მუს. მცოდნეობის საუკეთესო სპეციალისტად. მისი აღზრდილები არიან ავსტრიელი დირიჟორი კ. ვიოსი, მუსიკათმცოდნე ლ. ნოვაკი და მრავალი სხვა გამოჩენილი ხელოვანი. ავტორია მონოგრაფიისა „შედარებითი მუსიკისმცოდნეობა“ („Vergleichende Musikwissenschaft“, 1924); ლ-მა I მსოფლიო ომის დროს ქართვ. სამხედრო ტყვეებისგან ჩაიწერა 307 ქართ. ხალხ. სიმღერა ვარიანტებით (ზოგიერთი სიმღერა ქალაქურ ფოლკლორს განეკუთვნება). სიმღერები შესულია მისი შრომების III ტომის („Gesänge russischer Kriegsgefangener“ I–III, 1926–52) I (1928) და II (1931) ნაწილებში.
ლ-მ ასე შეაფასა ქართ. სიმღერები: „უნიკალური, არაჩვეულებრივი და ყველასგან განსხვავებული“. მან ქართ. სიმღერები დაყო 2 ჯგუფად: I – ქართლური, კახური, ფშაური, რაჭული, გურული და იმერული; II – მეგრული, აფხაზური, სვანური და ოსური. ლ-ის აზრით ფშაველთა და თუშთა სიმღერებში ვლინდება მუს. განვითარების ყველაზე ძვ. საფეხური, ხოლო გურული სიმღერები მიაჩნია სიმღერების მწვერვალად. ლ-ის ჩანაწერებიდან ზოგიერთი ნიმუში შეტანილია ა. მშველიძის მიერ გამოცემულ სანოტო კრებულში („ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები“; 1970), კერძოდ: სიმღერა „სამშობლო“ (არსებობს მისი საგუნდო ვარიანტი „ქალი-ლამაზი“ განსხვავებული ტექსტით), „ტურფავ, ტურფავ“, „მერცხალო“, „ქალსა კაბა შეუკერეს“, „ტურფავ, მოდი“, „ნუ, ნუ სტირი, გენაცვა“.
ლიტ.: სულაბერიძე ზ., რობერტ ლახი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის შრომები, [წგ.] 9, თბ., 2009; Robert Lach. Persönlichkeit und Werk, Wien, 1954.
რ. ქუთათელაძე
მ. ჯაფარიძე