ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური

ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური ბ. ჭიჭინაძის სახელობისა, საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგური. მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში. გამოყენებულია მდ. ცხენისწყლისა (ქ. ცაგერთან) და მდ. რიონის (სოფ. ალპანასთან) დონეთა სხვაობა (დაახლ. 140 მ). ჰიდროელექტროსადგური ძირითადად მუშაობს მდ. ცხენისწყლის ჩამონადენზე, რ-იც მდ. რიონის აუზშია გადაგდებული. ჩამონადენი პირველად ხვდება მდ. რიონის მეორე, უფრო მცირე შენაკადის – ლაჯანურის ხეობაში.

ლ. ჰ-ის მშენებლობა დაიწყო 1953. იგი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მშენებარე ობიექტი იყო ომისშემდგომ პერიოდში. საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 112,5 ათ. კვტ, ხოლო ელექტროენერგიის საშ. წლიური საპროექტო გამომუშავება – 517 მლნ. კვტ.სთ. სადგური შედგება სამი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრეა 37,5 ათ. კვტ. პირველი აგრეგატი ამუშავდა 1960 წ. 26 იანვარს, დანარჩენი ორიდან ერთი ამუშავდა იმავე წლის 9 თებერვალს, მეორე კი – 16 ივნისს. ჰესში დადგმულია ავსტრ. ფირმა „ფოიტის“ ტურბინები. სადგური შედგება სსრკ-ში იმ პერიოდისათვის პირველი უნიკალური მაღალთაღოვანი კაშხლისაგან (კაშხლის სიმაღლე 69 მ, მიწისქვეშა სადაწნეო და ძალური კვანძებისაგან. ლაჯანურჰესი საქართვ. ენერგოსისტემასთან დაკავშირებულია 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით.

2007 ლ. ჰ. შეიძინა ჩეხურმა კომპანია „ენერგო-პრომ“, რ-მაც საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო იმავე წლის ივლისში სააქციო საზ-ბა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელწოდებით. ლ. ჰ-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაა (მლნ. კვტ.სთ):

1960 წ. – 148,3; 1965 წ. – 403,4; 1970 წ. – 495,2; 1975 წ. – 362,4; 1980 წ. – 358,9; 1985 წ. – 345,3; 1990 წ. – 357,1; 1995 წ. – 347,2; 2000 წ. – 194,6; 2005 წ. – 124,9; 2010 წ. – 420,3; 2015 წ. – 377,7; 2020 წ. –343,3; 2021 წ. – 423,1. ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვ. წილი საქართვ. ჰესებში წარმოებული ელექტროენერგიის 4,15% შეადგენს (2021).

დ. ჩომახიძე