ლეგჰორნი, ქათმის ჯიში მეკვერცხული მიმართულებისა, გამოყვანილია XIX ს-ში აშშ-ში იტალ. თეთრი ქათმის შეჯვარებით მინორულასთან, ესპანურასთან, ძიძგილასა და სხვა ჯიშის ქათმებთან. ლ. თეთრი, წაბლისფერი, შავი ან ცისფერია. სხეულის აგებულებისა და ბიბილოს ფორმის მიხედვით არსებობს რამდენიმე სახესხვაობა. მამლის მასაა 2,3–2,7 კგ, დედლისა – 1,8–2,0 კგ, მეკვერცხულობა – 220–270 კვერცხი წელიწადში, საუკეთესო კვერცხმდებელი კი 300-ზე მეტ კვერცხს იძლევა. კვერცხის მასა – 55–60 გ. საქართველოში ლ. 1925–27 შემოიყვანეს. აშენებდნენ მეკვერცხეობის ფ-კებში – სამგორის სამომშენებლოში, მეფრინველეობის ამიერკავკ. ზონალურ საცდელ სადგურში, საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტის კრწანისის სასწ.-ექსპერ. მეურნეობაში.
საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოყვანილია ლ-ის მეკვერცხული ჯიშის კროსები, რ-ებიც მიღებულია ჯიშის შიგნით ხაზთაშორის შეჯვარებით. აღნიშნული კროსები მოშენებულია პატარძეულის, კოდის, საგარეჯოს, ალგეთის, სავანეთისა და სხვ. მეფრინველეობის საწარმოებში. მიღებული პროდუქცია ნაწილდება საქართვ. სავაჭრო ქსელში.
ლიტ.: ნოზაძე რ., კვერცხის წარმოების ტექნოლოგია ფერმერულ და საკარმიდამო მეფრინველეობაში, თბ., 2002; ნოზაძე რ., ხუციშვილი მ., ზავარაშვილი ვ., მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია, თბ., 2007.
რ. ნოზაძე