ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (II. 1756, თბილისი, – II. 1781, ვეჟინი), ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე. აღიზარდა სამეფო კარზე, სადაც მის ირგვლივ შემოკრებილი იყვნენ რჩეული ახალგაზრდები, მ. შ. პოეტი ბესიკი და დავით რექტორი. ამ ახალგაზრდებისგან შემდეგში შედგა ლ. ბ-ის რაზმი (2000 კაცამდე), რ-მაც მრავალ ბრძოლაში ისახელა თავი. ლ. ბ. სახელმწ. საქმეებში ჭაბუკობიდანვე ჩაება. 1770 მან თავის უფროს ძმასთან – გიორგისთან ერთად მეფის წინააღმდეგ ამბოხებულ ქსნის ერისთავ გიორგის დასამორჩილებლად გაილაშქრა, რასაც შემდეგში ქსნის საერისთავოს გაუქმება მოჰყვა. ლ. ბ. ანტონ I-თან ერთად გაგზავნეს რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების სათხოვნელად. ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან რუსეთი მოერიდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებას. ამავე წლებში ლ. ბ-მა ცოლად შეირთო ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასული.

ლ. ბ-ის ნიჭი და უნარი მთელი ძალით გამომჟღავნდა მორიგე ჯარის ხელმძღვანელობისას (1774-იდან). მისი თაოსნობით აილაგმა დაღესტნელ ფეოდალთა თარეში – ლეკები დაამარცხა სოფ. ჭალასთან, მისაქციელთან, ავჭალასთან და სხვ. ადგილებში. ერეკლე II-მ მორიგე ჯარის საშუალებით დათრგუნა ფეოდ. ოპოზიციაც, ამიტომ, რეაქციონერი თავადები საბოტაჟს უწყობდნენ მას. ვარაუდობენ, რომ ამ საბოტაჟს ემსხვერპლა ლ. ბ-ც, რ-იც 1781, ვეჟინში ყოფნისას, ფრიად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილს დიდი მწუხარებით გამოეხმაურნენ ბესიკი (ოდა „სამძიმარი“), დავით რექტორი („ლეონისათვის თქმული ათნი სიტყვანი იამბიკოდან“), აზერბაიჯანელი პოეტები ვაგიფი და ვიდადი. მასვე ეძღვნება მრავალი ხალხური ლექსი. ლ. ბ-ს მიეწერება რამდენიმე სამიჯნურო და ეპისტოლური ლექსი.

ლიტ.: ქიქოძე გ., ერეკლე მეორე, თბ., 2020.

შ. ხანთაძე