ლევან II დადიანი, ოდიშის მთავარი 1611–57, მანუჩარ I დადიანის ძე. 1611–20 მისი მცირეწლოვანების გამო სამთავროს მართავდა ბიძა, რეგენტი გიორგი ლიპარტიანი. 1615 თურქებმა ხარკის მიცემა აიძულეს ოდიშის სამთავროს. 1620 შუა ხანებში მთავრის უფლებები ხელში აიღო ლევან დადიანმა, 1621 დაუკავშირდა გურიისა და აფხ. მთავრებს და დაუპირისპირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს, რ-იც დაამარცხა (იხ. გოჭოურის ბრძოლა 1623). მომდევნო წლებში იგი ხშირად ესხმოდა თავს აფხ. სამთავროს. 1625 ტახტიდან ჩამოაგდო გურიის მთავარი სიმონი და მის ნაცვლად მთავრად აფხაზეთის კათოლიკოსი მალაქია გურიელი დასვა. ამის შემდეგ, სიკვდილამდე, გურიის სამთავრო ფაქტობრივად მას ემორჩილებოდა. 1630 ახლო ხანაში ლ. II დ-მა გარკვეულწილად გააუმჯობესა ურთიერთობა იმერეთის სამეფოსთან. 1633 ქართლის მეფე როსტომს, რ-იც ირანელთა მიერ ქართლის ვალად იყო დანიშნული, დაუკავშირდა და მას თავისი და, სიმონ გურიელის ცოლყოფილი მარიამი მიათხოვა. ამ აქტით მან კავშირი გააბა ირანთან, საიდანაც ყოველწლიურ ჯამაგირს, 1000 თუმანს იღებდა. იმერეთის მეფე გიორგი III შეეცადა ხელი შეეშალა ამ ქორწინებისათვის, მაგრამ ბაღდადთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. მეფის გამოსასყიდში ლ. II დ-ს გადაეცა ტერიტორია მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირსა და მდ. რიონს შორის, ქ. ჩხარის ვაჭარ-ხელოსნები (ისინი აყარა და რუხში გადაასახლა), აგრეთვე დიდძალი ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლები. ამის შემდეგ ლ. II დ. შეეცადა თავისი ხელისუფლების ქვეშ მოექცია მთელი დას. საქართველო. მან არაერთგზის წარმატებით ილაშქრა იმერეთში, ხელში ჩაიგდო მეფე ალექსანდრე III-ის შვილი და ძმა, მაგრამ იმერეთის სამეფო ვერ დაიმორჩილა, ვერც აფხ. სამთავრო შემოიერთა. ლ. II დ-ის ბრძოლა დას. საქართველოს გაერთიანებისათვის ქვეყნის გაჩანაგების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. 1636 ლ. II დ. შეეცადა ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთთან და ელჩობა გაგზავნა მოსკოვს (იხ. გეგენავას ელჩობა რუსეთში). ამის პასუხად 1639–40 ოდიშის სამთავროს ელჩინისა და ზახარიევის ელჩობა ეწვია, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ლ. II დ-ს კარგად ესმოდა ქვეყნის ევრ. გარდაქმნის აუცილებლობა; იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევრ. ვაჭრებსა და ხელოსნებს; რუხი ქალაქად აქცია და იქ ზარაფხანა გახსნა; ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართვ. გზით გასულიყო ევროპაში; შეაკეთა და ააგო მრავალი ციხესიმაგრე და ეკლესია-მონასტერი; ეკლესიებს უხვად შესწირა ოქრო-ვერცხლი და ხატები, რ-თა ჩარჩოებზე დაწვრილებითაა აღწერილი მისი თავდასხმები მეზობელ სამფლობელოებზე. აფხ. ფეოდალების თავდასხმების შესაჩერებლად კი კელასურის კედელი ააგო. მფარველობდა კულტურას, ოდიშის სამთავროში არსებულ საოქრომჭედლო სახელოსნოში ქართვ. ოსტატები მუშაობდნენ. ლ. II დ-ის კარზე გადაიწერა „ვეფხისტყაოსნის“ დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერი (იხ. თავაქარაშვილი მამუკა).
წყარო და ლიტ.: ლამბერტი ა., სამეგრელოს აღწერა, თარგმ. იტალიურიდან ა. ჭყონიასი, თბ., 1938; ხუსკივაძე ლ., ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო, თბ., 1974, იხ. აგრეთვე სტ-თან ლევან I დადიანი.
თ. ბერაძე