ლევან III დადიანი, ოდიშის მთავარი 1661–80, ლევან II დადიანის ძმის, იესეს ძე. თავდაპირველად შამადავლე ერქვა. ტახტზე ავიდა ქართლის მეფე ვახტანგ V-ის დახმარებით და თავისი ბიძის პატივსაცემად ლევანი დაირქვა. ცოლად ჰყავდა ვახტანგ V-ის ძმისწული თამარი. 1663 ლ. III დ. თავს დაესხა იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ს, მაგრამ დამარცხდა. ბაგრატ IV-მ მას წაართვა მეუღლე და თვითონ შეირთო, ლევანს კი ცოლად შერთო თავისი და, თინათინი. ეს ფაქტი გახდა მათ შორის შეურიგებელი ბრძოლის მიზეზი. 1672 ოდიშის სამთავროს შეესივნენ ოსმალები, რ-ებიც მიზნად ისახავდნენ ტახტიდან ლ. III დ-ის ჩამოგდებას და მთავრად თავიანთი კაცის დასმას. ლ. III დ. რუხის ციხეში ჩაიკეტა, რ-ის აღება ოსმალებმა ვერ მოახერხეს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
თ. ბერაძე