ლევან V დადიანი

ლევან V დადიანი (1791–30. VII. 1846), ოდიშის მთავარი 1805–40, გრიგოლ დადიანის ძე. მამის გარდაცვალების დროს მძევლად ჰყავდა აფხ. მთავარ ქელეშბეი შარვაშიძეს, რ-ისგანაც მისი გათავისუფლება 1805 გაზაფხულამდე ვერ მოხერხდა. თავდაპირველად ლ. V დ-ის მცირეწლოვანების გამო ოდიშის სამთავროს 4 წევრისგან შემდგარი საბჭოს დახმარებით განაგებდა დედამისი, დედოფალი ნინო (1805–10); 1811-იდან ლ. V დ. უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. იგი თავს „რუსეთის ერთგულ ჯარისკაცს“ უწოდებდა და აქტიურად მონაწილეობდა რუს. ხელისუფლების მიერ დას. საქართველოში მოწყობილ სამხ. ექსპედიციებში, კერძოდ, ფოთის აღებაში (1809), იმერეთის სამეფოს დამორჩილებაში (1810), იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩახშობაში (1819–20). ასევე დაეხმარა მეფის რუსეთს აფხ. სამთავროში რუს. ხელისუფლების განმტკიცებაში. შეიპყრო და რუს. მთავრობას გადასცა ძმა გრიგოლი, რ-იც მათ წინააღმდეგ აჯანყებულ მეგრელებს ხელმძღვანელობდა. 1813 ლ. V დ-მა შემოიერთა სამურზაყანო, რ-საც 1840-მდე მართავდა. მის დროს, 1830, ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი სასწავლებელი – მარტვილის სას. სასწავლებელი. 1840 მან უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი შვილის, დავითის სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვდილამდე ატარებდა.

ლიტ.: დადიანი ნ., საქართველოს ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; დუმბაძე მ., საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში., თბ., 1957; მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

თ. ბერაძე