ლევილი-სიურ-ორჟი (Leuville-sur-Orde), ფრანგული სოფელი სენისა და უაზის დეპარტამენტში, მდებარეობს პარიზის სამხრ-ით 37 კმ-ზე (ფართობი 45 ათ. მ 2). 1922 ზაფხულში საფრანგეთში დევნილობაში მყოფმა საქართვ. ეროვნ. მთავრობამ საქართვ, დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობის ფულით (84 ათ. ფრანკად) ნ. ჯაყელისა და ბ. ჩხიკვიშვილის სახელზე ამ სოფელში შეიძინა 4 ჰა მიწა, ორსართულიანი სახლი (ჟ. ფერის ქუჩაზე №10) ე. წ. შატო, რ-იც რუსული ოკუპაციისაგან გათავისუფლების შემდეგ საქართველოს საკუთრება გახდებოდა. ლ. სამართავად გადაეცა სამოქალაქო საზ-ბას „ქართულ კერას“ (უძრავი ქონების მმართველი საზ-ბა, დაარსდა 1926 წ. 6 ნოემბერს). ლ. იქცა პატარა ქართულ კერად და კოლონიად. „შატოს“ გარშემო გაშენდა ქართველთა კუთვნილი რამდენიმე სახლი და ბაღ-ვენახი. იქვე მდებარეობს ქართული სასაფლაო, სადაც დაკრძალული არიან გამოჩენილი ქართვ. მწერლები, პოლიტ. და საზ. მოღვაწეები (გ. რობაქიძე, ნ. ჟორდანია, ა. ჩხენკელი, ე. გეგეჭკორი, ა. პაპავა და სხვ.). 1922–44 შატოში ცხოვრობდა ე. თაყაიშვილი, იქვე ინახებოდა საქართველოდან 1921 ევაკუირებული განძეულის ერთი ნაწილი, მ. შ. ბორჯომისა და ლიკანის სასახლეებიდან გატანილი სურათები, რ-ებიც ამჟამად საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმშია დაცული. 1986 წ. 29 ნოემბერს ლ-ის ქართული მამულის ასოციაციის ადმინისტრაციამ „ლევილობის“ – ლ-ის შატოს დაარსების დღის (14. VI. 1922) – აღნიშვნის (ყოველი წლის ივნისის ბოლო კვირა) შესახებ დადგენილება მიიღო. პირველი „ლევილობა“ ჩატარდა 1987 წ. 28 ივნისს ლ-ის ქართული მამულის სამოცდახუთ წლისთავთან დაკავშირებით, რ-საც დაესწრო ორმოცდაათამდე ქართველი და ფრანგი სტუმარი, ლ-ის მერი და ლ-ის ეკლესიის მოძღვარი. 1993 პარიზში საქართვ. კულტურის დღეების დროს ქართვ. საზ-ბის ჯგუფის (იუსტ. მინისტრი კ. კემულარია, თსუ-ის რექტ. რ. მეტრეველი, სდპ-ის თავ-რე გ. მუჩაიძე, რეჟ. რ. ჩხეიძე) „ქართული კერის“ წევრებთან (ნ. ნ. ჟორდანია, აკ. რამიშვილი) შეხვედრის დროს კვლავ დაისვა ლ-ის მამულის საკითხი (მანამდე 1958 „ქართული კერის“ კრებამ მიიღო დადგენილება ლ-ის თსუ-სათვის გადაცემის თაობაზე 1928 წ. 30 აპრილს შედგენილი ანდერძის მიხედვით). მიიღეს კომუნიკე, სადაც კვლავ ხაზგასმით აღინიშნა ლ-ის მამულის თსუ-სადმი გადაცემის შესაძლებლობა გარკვეული პირობებით. საკითხის გადაწყვეტა რთული გამოდგა (განსაკუთრებით ფრანგული კანონმდებლობიდან გამომდინარე).
2016 წ. 23 სექტ. მრავალი მცდელობის შემდეგ, გაფორმდა მემორანდუმი საქართვ. მთავრობის წარმომადგენელსა და საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობის წევრთა ოჯახების შთამომავლებს შორის „ლევილის შატოს, მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადაცემის შესახებ“. სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებაში შატოს ტერიტ-ზე გათვალისწინებულია პირველი რესპუბლიკის, ასევე ვილა მედიჩის მსგავსი აკადემიის შექმნა. ამჟამად მიმდინარეობს შატოს რესტავრაცია.
ლიტ.: ლევილობა, „მებრძოლი საქართველო“, 1987 ოქტ. №4 (22) პარიზი; მეტრეველი რ., ბედი ლევილის მამულისა, ანდრია პირველწოდებულის სახ. უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკ-ტის შრომები, თბ., 2017; ჟორდანია გ., დაბრუნებული საუნჯე, თბ., 1983; სურგულაძე ა., ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1977.
გ. ჟორდანია