ლეიბენზონი ლეონიდ სამუილის ძე

ლეიბენზონი ლეონიდ სამუილის ძე [14 (26).VI.1879, ხარკოვი, – 15. III. 1951, მოსკოვი], მეცნიერ-მექანიკოსი. სსრკ-ის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1943; წ.-კორ. 1933), ტექ. მეცნ. დოქტორი (1934), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1936), სტალინური პრემიის ლაურეატი (1942). დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1901); იყო ნ. ჟუკოვსკის მოწაფე და თანამშრომელი.

ლ-ის ძირითადი სამეცნ. ინტერესები ეხება აეროჰიდროდინამიკას, დრეკადობის თეორიას, გაზისა და ნავთობის ფილტრაციის თეორიებს. ლ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას რუსეთის წამყვან სამეცნ. ცენტრებში, იყო მეცნიერების ორგანიზატორი.

სხვადასხვა წლებში ლ. მუშაობდა თბილისში, ქალთა უმაღლესი კურსების ექსპერ. ფიზიკის კათედრის გამგედ (1913–14); შეიმუშავა შავი ზღვის პორტებისათვის ბენზინის რეზერვუარების უსაფრთხო კონსტრუქციები; განსაზღვრა ნავთობის ჭაბურღილების რაციონალური განლაგება. აირჩიეს თბილისის პოლიტექნიკური ინ-ტის პროფესორად (1919); იმავდროულად თსუ-ში კითხულობდა ლექციებს თეორიულ ფიზიკაში. გამოაქვეყნა სახელმძღვანელოები ,,მასალათა გამძლეობა“ და ,,თეორიული მექანიკა“; მონაწილეობდა ბაქო– თბილისის ნავთობსადენის დაპროექტებასა და აშენებაში.

ლ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. მონოგრაფიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.

ლიტ.: Боголюбов А. Н., Канделаки Т. Л., Леонид Самуилович Лейбензон, 1879–1951, М., 1991.