ლეკა, ლეკის ხე

ლეკა, ლეკის ხე (Acer platanoides), ნეკერჩხლის ერთ-ერთი სახეობა. ზაფხულმწვანე ხეა. მისი სიმაღლე 30 მ, დიამეტრი კი 1 მ აღწევს. აქვს მურა-რუხი ან თითქმის შავი ქერქი, 5–7-ნაკვთიანი კაშკაშა მწვანე ფოთოლი. ნაყოფი კაკლისებრია (ორცალა), ზედ თითქმის ჰორიზონტალურად გაფარჩხული ფრთისებრი დანამატებით („ორფრთიანა“). გავრცელებულია ევრაზიის დას. ნაწილში, სკანდინავიასა და ბალკანეთში.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, შერეულია ყველა ფოთლოვან (განსაკუთრებით მუხნარებში) და წიწვოვან ტყეში, ზ. დ. 2000 მ-მდე (ე. ი. მეტწილად სუბალპ. სარტყლამდე). ხარობს ნოყიერ და ტენიან ნიადაგზე, ვერ იტანს მის დამლაშებას და ჩაგუბებულ ტენიანობას. ჩრდილის ამტანია. ყვავილობს მაისში ფოთლის გაშლასთან ერთად. მსხმოიარობს სექტემბერში. სწრაფმზარდია, 50–60 წლისა სრულ სიმაღლეს აღწევს. მოჭრის შემდეგ უხვად ივითარებს ამონაყარს და ამ თვისებას 80 წლამდე ინარჩუნებს. ლამაზი ხეა, შემოდგომით ფოთლები ოქროსფერია ან წითელი. ბაღ-პარკებში მოშენებულია ხეივნებად, ჯგუფებად და ეულად. თაფლოვანია. ფოთლებიდან იღებენ შავ და ყვითელ საღებავს.

მკვრივ, მაგარ, მოყვითალო და ბზინვარე მერქანს სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. არსებობს ლ-ს საბაღე ჯიშის მრავალი სახეობა.

მ. სახოკია