გუცკოვი გ უ ც კ ო (Gutzkow) კარლ (17. III. 1811, ბერლინი, – 16. XII. 1878, ზაქსენჰაუზენი, მაინის ფრანკფურტის ახლოს), გერმანელი მწერალი, დრამატურგი. ავტორია ლიტ.-თეორ. ნაშრომების, რომანების, კომედიების, დრამების. დროის გამოცდას გაუძლო გ-ის დრამამ „ურიელ აკოსტა" (1846). XIX ს. 80-იან წწ. დასაწყისში საქართველოში საგასტროლოდ ჩამოსულმა მოსკ. მცირე თეატრმა წარმოადგინა ეს სპექტაკლი. ამავე პერიოდში პიესა თარგმნა ი. ბაქრაძემ (დაიბეჭდა ჟურნ. „თეატრში" 1887 წ. 29. XI), სცენაზე წარმოადგინა ქუთ. დრამ. დასმა. ურიელის როლს ასრულებდა კ. მესხი. 1901 ეს როლი განასახიერა ლ. მესხიშვილმა. ქართ. თეატრ. ხელოვნ. ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ურიელ აკოსტას" კ. მარჯანიშვილისეული დადგმა (1929, პიესის მთარგმნელი ვ. გაფრინდაშვილი, რეჟ. გ. სულიაშვილი, მხატვარი პ. ოცხელი, ქორეოგრაფი დ. მაჭავარიანი, კომპოზიტორი თ. ვახვახიშვილი, მთ. როლებს ასრულებდნენ უ. ჩხეიძე და ვ. ანჯაფარიძე). ეს იყო საეტაპო სპექტაკლი, რ-მაც ქართ. თეატრის აღორძინებას დაუდო სათავე. 1952 კ. მარჯანიშვილის დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით შედგა პიესის მე-300 წარმოდგენა. 1962 სპექტაკლი აღადგინა ვ. ანჯაფარიძემ. 1972 განახლებული წარმოდგენა მიეძღვნა კ. მარჯანიშვილის დაბადების 100 წლისთავს.
ზ. ჭარხალაშვილი