ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესია

ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ქვემო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპ-ში, რაჭის ქედის უკიდურეს სამხრ. კალთაზე. ამჟამად მონასტრიდან შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წმ. გიორგის ეკლესია. მონასტრის გალავანი დანგრეულია და მის ყოფილ სიმაღლეზე მსჯელობა ძნელია. გალავანში შესასვლელი ჩრდ. მხრიდან ყოფილა. გალავნის შიგნით მრავლად შეიმჩნევა სხვადასხვა ნაგებობის კვალი. ეკლესია დარბაზულია. აქვს ორი მინაშენი – დას-იდან და ჩრდ-იდან. აღმ-ით აქვს ნახევარწრიული აფსიდი, რ-იც გარედან გეგმის მართკუთხედშია მოქცეული. აფსიდში ორივე მხარეს მოთავსებულია პატარა ოთხკუთხა თახჩები. დარბაზი, ორსაფეხურიანი პილასტრებით და მათ კაპიტელებზე დაყრდნობილი კამარის საბჯენი თაღით, სივრცობრივად ორ, თითქმის ტოლ ნაწილად არის დაყოფილი. სარკმლები გარედან რელიეფური სათაურით იყო შემკული. ყველა სარკმელი გარეთ ვიწროა, შიგნით – საკმაოდ განიერი. კარები ფასადის მხრიდან არქიტრავით იყო გადახურული, შიგნიდან – ნახევარწრიული თაღით. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან სამი საფეხურით მაღლაა. იგი დარბაზიდან გამოყოფილი იყო დახვეწილი ოსტატობით შესრულებული, ჩუქურთმით შემკული თაბაშირის კანკელით, რ-იც დროთა განმავლობაში დამსხვრეულა (შემორჩენილია ფრაგმენტები). ეკლესია შიგნიდან მთლიანად მოხატული ყოფილა. ძეგლი ორივე მხრიდან ძირითადად შირიმის ქვით არის მოპირკეთებული. ეკლესიის ჩრდ. ფასადზე ასომთავრულით და ნუსხა-ხუცურით ამოკვეთილია წარწერა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეკლესია აგებულია IX–X სს. მიჯნაზე. ჩრდ. მინაშენი – X ს. დასასრ. ან XI ს. I მესამედში, ხოლო დას. მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია.

ლიტ.: დვალი მ., ლეკნარის წმ. გიორგის ეკლესია, „მაცნე“, 1968, №4.

მ. დვალი