ლელეგები (Leleges), წინაბერძნული ტომი, რომელსაც იხსენიებს ჰომეროსი. ელინთა მომძლავრებამდე მათ ბალკანეთში ცენტრ. საბერძნეთის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავათ, თუმცა ძვ. წ. XIII ს-ში, ტროას ომის დროს, ისინი, სავარაუდოდ, მცირე აზიის დას-ით გადაასახლეს. ლ-ის ეპონიმი – ლელეგი – ლაკონიელთა მმართველების წინაპრად ითვლება. ლ-ს განსაკუთრებით ახლო ნათესაური დამოკიდებულება ჰქონდათ მეორე წინაბერძნ. ტომთან – კარიელებთან. ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულისათვის ლ., როგორც ჩანს, უკვე გადაშენებულან. თანამედროვე მეცნიერება მათ მიიჩნევს კონტინენტური საბერძნეთის უძველეს არაინდოევროპულ მოსახლეობად. ზოგიერთი მკვლევარი ლ-ის სახელწოდებაში გამოყოფს მრავლობითობის პრეფიქს ლე-ს და მას ხათურის (პროტეხეთურის) მრავლობითობის ლე პრეფიქსს უკავშირებს. საინტერესოა პარალელი სვანურ ლე-სთანაც, რ-საც თითქმის ანალოგიური ფუნქცია აქვს. თვით ლეგ (leg) ფუძეს ზოგიერთი მეცნიერი კავკ. ენებში „ადამიანის“, „კაცის“ მნიშვნელობით დადასტურებულ, მსგავსი ჟღერადობის ფუძეს უკავშირებს და ამას ლ-ის, კავკ. სამყაროსთან ნათესაობის დამადასტურებლად მიიჩნევს.
ლიტ.: გორდეზიანი რ., „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები, თბ., 1970.
რ. გორდეზიანი