ლელიანის კატა (Felis chaus), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ როგორც მოწყვლადი სახეობა. მისი სხეულის სიგრძეა 50–90 სმ. სიმაღლე მინდაოში – 36 სმ. კუდი მოკლეა (21–30 სმ), მასა 8–12 კგ აღწევს. აქვს გრძელი ფეხები, ყურის ბოლოზე მოკლე ფუნჯები. შეფერილობა მოყვითალო-მორუხოა, მხოლოდ კუდსა და ზოგჯერ ფეხებზე აქვს შავი ზოლები. გავრცელებულია ეგვიპტიდან ინდოჩინეთამდე, ჩრდილოეთისკენ ადის მდ. ვოლგისა და კასპიის ზღვის შესართავამდე. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, მდ-ების – მტკვრის, ალზნის, ივრისა და ხრამის აუზებში. ბინადრობს ლელიანის წყლისპირა ბუჩქნარში, მაღალი ბალახით დაფარულ მონაკვეთებზე. კარგად დაძვრება ხეებზე. მთებში ზ. დ. 800 მ-ზე მაღლა არ ადის. იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით, თევზით, ამფიბიებით. წელიწადში მრავლდება 1–2-ჯერ, შობს 1–6 კნუტს (ძირითადად 2–3), ზრდასრულობას 9 (მდედრები) და 12 (მამრები) თვის ასაკში აღწევს. ამჟამად გამოიყოფა ლ. კ.-ის სამი ქვესახეობა – F. c. chaus (ეგვიპტიდან ავღანეთამდე), F. c. affinis (ინდოსტანის ნ.-კ.), F. c. fulvidina (ინდოჩინეთი). აღმოსავლური ქვესახეობები დასავლურზე უფრო მცირე ზომისა და მასის არიან. ლ. კ-ის ბეწვი მდარე ხარისხისაა.
ა. ბუხნიკაშვილი