ლელო

ლელო, ქართული ხალხური გუნდური თამაში, ბურთაობა. იმართებოდა უმეტესად დას. საქართველოში ხალხურ დღესასწაულებზე. ძველად თამაშში მონაწილეთა რაოდენობა განუსაზღვრელი იყო. გამოდიოდა 2 გუნდი: სოფელი სოფელზე ან თემი თემზე. თამაში ეწყობოდა სოფლების საზღვარზე. ზოგჯერ ცოლიანი მამაკაცები იმავე სოფლის უცოლოებს ეჯიბრებოდნენ. თამაში იწყებოდა სოფლის ცენტრში, ჩვეულებრივ, ეკლესიის ეზოდან. ბურთი სოფლის ერთი ბოლოდან მეორეში გაჰქონდათ. მოთამაშეებს ბურთი უნდა გაეტანათ ფეხით ან ხელით. შემდეგში, ბურთაობის წესების შეცვლასთან ერთად, მოთამაშეთა რიცხვიც შემცირდა. თამაშის პროცესში მონაწილეებს ხშირად უხდებოდათ ბუნებრივი დაბრკოლებების (ღელე, მდინარე, ხევი) გადალახვა. ბურთისთვის ბრძოლა დიდხანს გრძელდებოდა. ლ-ს გატანა სასახელოდ ითვლებოდა. თანამედროვე ლ. დადგენილი წესების მიხედვით ტარდება (იხ. სტ. ლელობურთი).

ვ. ელაშვილი