ლელობის ნაქალაქარი

ლელობის ნაქალაქარი, XIII ს. და XIV ს. I ნახ-ის არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ლელობის ჩრდ.- დას-ით, 4 კმ მოშორებით, მდ. ხეკორძულის სათავეებთან, ფერდობზე, ადგილ ნაქალაქარზე.

1971 ძეგლზე გათხრები ჩაატარა ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის დიღმის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი). ნაქალაქარი ოთხ ტერასაზეა განლაგებული. ჩრდ-იდან მას კლდის ბუნებრივი ზღუდე იცავს, რ-იც ზოგან კლდეკარით იკვეთება. მიწის ზედაპირზე შემორჩენილია კლდის ნატეხი ქვებით ნაგები საერო და საკულტო შენობათა ნანგრევები (ეკლესია, საცხოვრებელი, მარანი, ფარეხი და სხვ.). ორ და სამოთახიან საცხოვრებელ კომპლექსებს სამეურნეო დანიშნულების სათავსები ეკვრის. შენობათა იატაკში ზოგან სამალავი და სურსათის შესანახი ორმოებია ამოჭრილი. ნაპოვნია ერთ- და მრავალფერიანი ჭიქურით მოხატული ჭურჭლის ნატეხები, სამკაული, ქართულ-მონღოლური მონეტა. მასალა ინახება არქეოლ. კვლევის ცენტრში.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.

ვ. ნიკოლაიშვილი