ლელობურთი, ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის – ლელოს საფუძველზე. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) მინდორზე (დაახლ. 70 მ ×105 მ., რ-საც არ აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი ხელით ან ფეხის დარტყმით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს მიღმა როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. ნებადართულია ძალისმიერი ბრძოლა – ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, ოღონდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან.
საქართველოში ყოველ წელს ტრადიციულად იმართებოდა ლ-ის ჩემპიონატი. ამ ეროვნულ სახეობაში დაწესებული იყო საქართვ. სპორტის ოსტატის წოდება.
XIX ს-ში ლ. დას. საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ქუთაისში ლ-ს თამაშობდნენ საფიჩხიაზე (ე. წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოები). გურიაში თამაშის ეს ტრადიცია საუკუნე-ნახევარს ითვლის: 1854 ჰასან-ბეგ თავდგირიძე 9000-იანი ჯარით, სადაც გაერთიანებული იყვნენ ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველები და თურქი ასკერები, გურიას შეესია. ქართულ მხარეს 2000 გურული მეომარი, ე. წ. მილიცია და 500 რუსი ჯარისკაცი იბრძოდა. მთავარი ბრძოლა სოფ. შუხუთის ცენტრში, ე. წ. ცაცხვებთან მოხდა. ე. ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა თავდგირიძეს (ეს ბრძოლა ასახულია სიმღერა „ხასანბეგურაში“). ბრძოლაში თურქთა 5000-ზე მეტი და გურულთა 300-მდე მეომარი დაიღუპა. ამ დღის აღსანიშნავად შუხუთში ყოველი წლის აღდგომას ლ. იმართება.
ლიტ.: მერკვილაძე გ., ქართული მოძრავი თამაშობანი, ტფ., 1922; შერაზადაშვილი ზ., ლახტი. ქართული ხალხური თამაშობანი, თბ., 1968.