ლემა

ლემა (Datura), მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ძირითადად ბალახებია, იშვიათად – ხეები და ბუჩქები. გავრცელებულია უმთავრესად ტროპ. და სუბტროპ. სარტყლებში. აერთიანებს 20-მდე სახეობას. საქართველოში 2 სახეობაა: D. stramonium და D. metel. ეს უკანასკნელი გზადმოყოლილია აფხაზეთში. D. stramonium 0,5–1 მ სიმაღლის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რუდერულია, იზრდება ღობის ძირში, ბოსტანში, გზისპირებზე. მისი სამშობლოა ცენტრ. და სამხრ. ამერიკა. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში. კავკასიაში თითქმის ყველა რეგიონის მთის ქვედა სარტყელში გვხვდება. ყველა სახეობა შხამიანია, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდებს, ძირითადად ჰიოსციამინს, აგრეთვე სკოპოლამინსა და ატროპინს, სხვადასხვა სახის ცხიმებს, მცირე რაოდენობით სპირტებსა და ალდეჰიდებს.

ლ-ისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება რევმატიზმისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.

ლ. ხინთიბიძე