ლემერგარდტი ალექსანდრა თევდორეს ასული (6. III. 1896, პეტერბურგი, – 1960, თბილისი), თეატრის მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1954). 1914–16 დაამთავრა კ. ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსები, 1918–22 კი – პეტროგრადის სამსახიობო ოსტატობის სკოლა. 1922–37 მოღვაწეობდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1937–58 იყო თბილ. გრიბოედოვის სახ. თეატრის მსახიობი, სადაც განასახიერა: ანა, ანა დიმიტრიევნა (ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“, „ცოცხალი ლეში“), ნასტასია პეტროვნა, გლუმოვა (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“, „ბელუგინის ქორწინება“), მადამ პერნელი (მოლიერის „ტარტიუფი“), ანა (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), კლავდია (ს. ნაიდენოვის „ვანიუშინების შვილები“), მისის კენდერი (რ. შერიდანის „ავყიობის სკოლა“), როზალია (ე. დე ფილიპოს „ფილუმენა მარტურანო“), ოქსანა ანდრეევნა (ა. კორნეიჩუკის „მაკარ დუბრავა“) და სხვ.