ლემონჯავა დიმიტრი მიხეილის ძე (18. XII. 1907, სოფ. ზუმი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, – 14. VI. 1993, იქვე), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1976). დაამთავრა ზუგდიდის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (1925) და სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტორიის ფაკ-ტი (1940). 1926–27 იყო სოფ. ზუმის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი. 1927 წ. 16 აპრილს ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. სასჯელს იხდიდა წალენჯიხის, ზუგდიდის, თბილისის ციხეებში, შემდეგ სამი წლით გადაასახლეს პერმის (რუსეთი) ბანაკში.
გათავისუფლებისა და სოხუმის პედ. ინ-ტის დამთავრების შემდეგ (1940) იქვე მუშაობდა ლექტორად, იკვლევდა საქართველოს სოც.-ეკონ. და კლასობრივი ბრძოლის საკითხებს.
თხზ.: გლეხთა აჯანყება საქართველოში 1856–1857, თბ., 1957; გლეხთა ანტიბატონყმური მოძრაობა რეფორმამდელ საქართველოში (XIX საუკუნის 30–60-იანი წლები), სოხ., 1970; XIX საუკუნის საქართველოში გლეხთა მოძრაობის ისტორიის მოკლე ნარკვევი (სახელმძღვ.), თბ., 1987.
ო. ჟორდანია