ლენინგორის განძი, ვერცხლის წვრილი ფულის (83 ც.) განძი. ნაპოვნია 1955 სოფ. ძუკათაში (ახლანდ. ახალგორის მუნიციპ.) გზის გაყვანის დროს. მონეტები თიხის ჭურჭელში იყო შენახული და ახლდა ვერცხლის სამაჯური, ვერცხლისავე ბეჭედი (ინტალიო) და საყურე. ყველა მონეტა ერთი ტიპისაა და მოჭრილია ჯელარად შეიჰუვეისის (ჰ. 757–776=1356– 1374) მიერ თბილისის ზარაფხანაში. მონეტები ამგვარია: ავერსი – სამ ბუდეში, არაბულად: „უვეისი სულთანი, დაე განიგრძოს მეფობა მისი“, ბუდეებს შორის შექმნილ არეზე, მოჭრის ადგილი – „იჭედა თბილისში“, რევერსი – მუსლიმური სარწმუნოებრივი სიმბოლო: „ალაჰი, არ არის ღმერთი, გარდა ალაჰისა, მუჰამედი მოციქული მისი.“
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ჯალაღანია ი., XIV საუკუნის თბილური მონეტების ლენინგორის განძი, „საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე“, 1959, ტ. 22, №1; Марков А., Каталог джалаирских монет, СПб., 1897