ლენინი ვლადიმერ ილიას ძე

ლენინი

ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ ილიას ძე [10 (22). IV. 1870, სიმბირსკი (ახლანდ. ულიანოვსკი), – 21. I. 1924, დაბა გორკი (ახლანდ. მოსკოვის ოლქი)], საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, რუსეთის 1917 ოქტ. რევოლუციის მთავარი ორგანიზატორი. მარქსიზმის რადიკალურ-რევოლუციური რუს. მიმდინარეობის ფუძემდებელი.

1891 ლ-მა ექსტერნად ჩააბარა გამოცდები პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე და პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. 1893 იგი პეტერბურგში მარქსისტულ წრეში შევიდა, 1895 კი გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც გაეცნო დას. ევროპის მუშათა მოძრაობას. იმავე წლის სექტემბერში ლ. რუსეთში დაბრუნდა და პეტერბურგში ყველა მარქსისტული ჯგუფი ერთ ორგანიზაციად (პეტერბურგის „მუშათა კლასის გათავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირი“) გააერთიანა. 1895 დეკ-ში ლ. და მისი ორგანიზაციის სხვა წევრები დააპატიმრეს. 1897 იგი 3 წლით გადაასახლეს ციმბირში, 1900 იანვარში ლ. გადასახლებიდან დაბრუნდა და საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც იმავე წლის დეკ-ში გამოსცა გაზ. „ისკრის“ პირველი ნომერი. 1900–05 ლ. მიუნხენში, ლონდონსა და ჟენევაში ცხოვრობდა. რსდმპ-ის II ყრილობამ (1903) მიიღო პარტიის პროგრამა და წესდება. ყრილობაზე გამოიკვეთა ორი მიმდინარეობა: ერთი – გ. პლეხანოვის ევროპულ-რეფორმისტული (მენშევიზმი) და მეორე – ლ-ის რადიკალურ-რევოლუციური (ბოლშევიზმი). 1909 ლ-მა გამოსცა ფილოს. ხასიათის წიგნი „მარქსიზმი და ემპირიოკრიტიციზმი“, რ-შიც მწვავედ გააკრიტიკა სუბიექტური იდეალიზმის და სხვა ფილოს. სკოლების შეხედულებანი. მნიშვნელოვანია ლ-ის მიერ მარქსისტული დიალექტიკის შემეცნების მეთოდად წარმოჩენა. შემდგომში დიალექტიკური მატერიალიზმი საბჭოთა კავშირის ოფიც. ფილოსოფიად და დასავლურ სამყაროსთან იდეოლ. დაპირისპირების იარაღად იქცა. 1917 თებერვლის ბურჟ.-დემოკრ. რევოლუციას ლ. საზღვარგარეთ შეხვდა. 3 აპრილს იგი დაბრუნდა რუსეთში და თავის ცნობილ „აპრილის თეზისებში“ წამოაყენა ბურჟ.-დემოკრ. რევოლუციის სოციალისტურში პერმანენტულად გადაზრდის გეგმა. ბოლშევიკებმა ოქტ. სახელმწ. გადატრიალების შედეგად პრაქტიკულად უსისხლოდ მოიპოვეს ძალაუფლება. დამფუძნებელი კრების დათხოვნამ და ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების უზურპაციამ გამოიწვია სამოქალაქო ომი, რ-ის დროსაც ლ. სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ბრძოლასა და მასობრივ რეპრესიებს. სამოქალაქო ომსა და „სამხედრო კომუნიზმის“ პოლიტიკას უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონ. შედეგები მოჰყვა: ადამიანთა მსხვერპლმა 10 მილიონს გადააჭარბა, არისტოკრატიის დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ბევრი „წითელმა ტერორმა იმსხვერპლა. 1918 წლის 17 ივლისს ქ. ეკატერინბურგში, ადგილ. ბოლშევიკების ბრძანებით (რაც, დიდი ალბათობით შეთანხმებული იყო კრემლთან), დახვრიტეს იმპერატორი ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები.

1921 თებერვალში, ლ-ის სანქციით, ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია. 1921 წ. 28 მარტს სახკომსაბჭომ მიიღო დეკრეტი სას.-სამეურნეო პროდუქტების თავისუფალი გაცვლის, შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. ამით დასაბამი მიეცა ლ-ს მიერ შემუშავებულ ახალ ეკონ. პოლიტიკას (ნეპი). ლ-ის ინიციატივით მიმდინარეობდა საბჭოთა რესპ. გაერთიანების პროცესი. სტალინის „ავტონომიზაციის“ პროექტის სანაცვლოდ, რ-იც რესპუბლიკებში წინააღმდეგობას წააწყდა, ლ-მა წამოაყენა საბჭოთა სოციალ. რესპ. საერთო საკავშირო სახელმწიფოში (სსრკ) თანასწორუფლებიანობის პრინციპით გაერთიანების გეგმა, რ-ის საფუძველზე 1922 წ. 30 დეკ. შეიქმნა სსრკ.

1922 ლ. მძიმედ დაავადდა და ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობდა პოლიტ. საქმიანობაში.

27 იანვ. დაკრძალეს წითელ მოედანზე. ლ-ის ბალზამირებული ნეშტი მოთავსებულია მავზოლეუმში.

ლ-ს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ბოლშევიკებთან. მასთან მიმოწერა თავდაპირველად დაიწყო ლ. კეცხოველმა. შემდეგ – ა. ენუქიძემ, მ. დავითაშვილმა, ი. სტალინმა, მ. ცხაკაიამ, ს. ორჯონიკიძემ, ნ. კიკნაძემ, მ. ფილიამ,
მ. ტოროშელიძემ, შ. ელიავამ, ს. ბუაჩიძემ, ი. სტურუამ, ფ. მახარაძემ და სხვ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ლ. ყურადღებას უთმობდა ე. წ. „საქართველოს საკითხს“. 1923 წ. 5 მარტს მან უკარნახა რამდენიმე წერილი: ერთ წერილში ის მიმართავდა ლ. ტროცკის და სთხოვდა კონტროლზე აეყვანა „ქართული საკითხი“; მეორე წერილს ის უგზავნიდა ქართველ კომუნისტებს – ბ. მდივანს, ფ. მახარაძეს, კ. ცინცაძეს და სხვებს, სადაც ყოველმხრივ მხარდაჭერას ჰპირდებოდა ველიკოდერჟავული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაში;

თხზ.: Полн. собр. соч., 5 изд., т. 1–55., М., 1958–65.

ლიტ.: დაუშვილი ალ., ლენინი, თბ., 2017; ესაიაშვილი ვ., ვ. ი. ლენინი და საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები (1895–1924), თბ., 1959; ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. ბიოგრაფია, თბ., 1970; რობაქიძე გ., ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, თბ., 2015.

უ. ბლუაშვილი