ლენკვერის ციხე

ლენკვერის ციხე, მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის მახლობლად, მაღალი ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე. ციხე-სიმაგრის მდებარეობა სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან კარგადაა შერჩეული. იგი თითქმის ყველა მხრიდან მიუდგომელია და ძლიერადაა გამაგრებული კოშკებით. აქედან შორ მანძილზე ჩანდა ენგურისა და ქვიშორის ხეობები მათზე საგზაო კომუნიკაციებით: აგრეთვე კავკასიონისა და სვანეთის ქედები უმაღლესი უღელტეხილებითურთ. ციხე გეგმით არაწესიერი მოხაზულობისაა და აღმ-იდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. მისი სიგრძე 54 მ შეადგენს, ხოლო სიგანე ყველაზე განიერ ადგილას 23 მ აღწევს. ციხის ორივე   ბოლოში თითო კოშკია აგებული. მესამე (შემორჩენილია ერთი სართულის სიმაღლეზე) ციხის ჩრდ. კედლის შუაშია. საშენ მასალად კლდის ქვაა გამოყენებული (მედწილად ფიქალი), შემკრავად – კირის ხსნარი. კედლები შეულესავია. გალავნის კედლის სისქე 1 მ აღწევს, ხოლო შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე – 6 მ-ს. გალავნის სამხრ-ის კედელი დანგრეულია. ამ მხრიდან სიმაგრეში შედიოდა სამარხილე გზა. საყარაულო დანიშნულების გარდა ციხე-სიმაგრე საფრთხისას მოსახლეობის თავშესაფარავადაც გამოიყენებოდა.

ლიტ.: ქალდანი ა., „ლენკვერ“-ის ციხე უშგულში, „ძეგლის მეგობარი“, 1987, № 1.

თ. გერსამია