ლენცოფა

ლენცოფა (Hyoscyamus), ორწლოვან და ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და კანარის კუნძულებზე. საქართველოში იზრდება 3 სახეობა; მ. შ. უფრო მნიშვნელოვანია შავი ლ. (H. niger) – ორწლოვანი ბალახი.

ლ-ს ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა და ნახევრად ღერომხვევი. მღვრიე ყვითელი ფერის გვირგვინი იისფრად არის დაძარღვული. ნაყოფი მრავალთესლიანი მოგრძო კოლოფია. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდ. ამერიკასა და ავსტრალიაში. გავრცელდა როგორც გზადმოყოლილი. რუდერულია, იზრდება გზისპირებზე, ბოსტანში, ბაღსა და მინდორში. ჩვენში ეს სახეობა გავრცელებულია თითქმის ყველგან მთის ზემო სარტყლამდე. ლ. ძალზე შხამიანია. აქვს არასასიამოვნო სუნი, შეიცავს ალკალოიდებს – ჰიოსციამინს, ატროპინსა და სკოპოლამინს.

ლ. ხინთიბიძე