ლეონ I (Leon), (401, თრაკია, – 18. I. 474, კონსტანტინოპოლი), ბიზანტიის იმპერატორი (457–474). საიმპერატორო ტახტზე ასვლამდე ტრიბუნის წოდებით იყო სამხედრო სამსახურში. ჯუანშერის ცნობით იმპ. მარკიანეს დროს ბიზანტიის წინააღმდეგ ქართლ-ალბანეთის მარზპანის – ვარაზ–ბაკურისა და ვახტანგ გორგასლის ლაშქრობის დასრულებისას (456) ვახტანგი ლეონის ქალიშვილ ელენეზე იყო დაწინდული. იმხანად ქართლში შექმნილი რთული ვითარების გამო ელენეს ქართლში ჩამოყვანა გადაიდო. მიქაელ მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის შემდეგ (468) კონსტანტინოპოლში ჩასულმა ვახტანგ მეფის დესპანმა ლ. I-ს ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. იგი თხოვნას დათანხმდა და მეფის დესპანი ანტიოქიაში გაგზავნა, სადაც ქართლის მოქცევიდან (318) 170 წლის თავზე, როგორც ჯუანშერი წერს, პატრიარქმა პეტრე ფულონმა ანტიოქიის ადგილობრივ საეკლ. კრებაზე ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, პეტრე კაპადოკიელი კი კათოლიკოსად აკურთხა. ეს ყველაფერი ლ. I-ის სიძის, ვახტანგ გორგასლის ქვისლის – ზენონის იმპერატორობისას მოხდა. დედოფალი ელენე 468 ჩამოიყვანეს ქართლში. ვახტანგმა თავის ვაჟს ლეონი დაარქვა.
ლ. I-ის იმპერატორობისას მოწესრიგდა 456-იდან ბიზანტიის იმპერიასა და ეგრისის სამეფოს შორის დაწყებული გამწვავებული ვითარება. 465, როცა ეგრისის მეფე გუბაზ I კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ორივე მეფის საზრუნავი იყო „ქუეყანათა დაწყნარებისათჳს და ზღვართა განყოფისაჲ“. წმ. სვიმეონ მესვეტის მონასტრიდან გამოსული, წარმოშობით ჩრდ. შუამდინარელი, იმხანად კონსტანტინოპოლის ახლოს მოღვაწე წმ. დანიელ მესვეტის შუამდგომლობით ლ. I-სა და გუბაზ I-ის შეხვედრა წარმატებით დასრულდა – ორ ქვეყანას შორის საზღვრად ციხე ხუფათი (ოფი, სოტერიოპული) დაიდო, რითაც, როგორც აკად. კ. კეკელიძე წერს, იმპერიის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ეგრისის სამეფოს საზღვარი სამხრ.-დას-ით გაფართოვდა.
ლიტ.: გოილაძე ვ., ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991; მისივე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991; მისივე, დანიელ მესვეტე და გუბაზ მეფე. ბიზანტია-ეგრისის ურთიერთობების პრობლემები V ს. შუა ხანებში. ხუფათი საქართველო–ბიზანტიის საზღვარი. კრ.: ახალი გამოკვლევები, თბ., 2018.
ვ. გოილაძე