ლეონ II

ლეონ II, „აფხაზთა სამეფოს“ (დას. საქართველოს) პირველი მეფე, ლეონ I-ის ძმისწული. დაახლ. 753-იდან იყო აფხ. მემკვიდრეობითი ერისთავი (მთავარი) და ითვლებოდა ბიზანტ. იმპერატორის ვასალად. VIII ს. უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტ. იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა ხაზართა ხაკანი (მისი ასული იყო ლ. II-ის დედა), აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რ-იც მთელ დას. საქართველოს მოიცავდა, სამეფო დინასტიის მიხედვით „აფხაზთა სამეფოს“ სახელწოდება მიიღო. ლ. II-მ სამეფოს დედაქალაქად ქუთათისი (ქუთაისი) გამოაცხადა. ლ. II-ის დროიდან მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დას. საქართველოს ეკლესიაში აღმ. საქართველოს საეკლ. ტრადიციების დამკვიდრებას.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლომოური ნ., ძირძველი ქართული მხარის აფხაზეთის ისტორიისათვის, თბ., 2008; ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959; Джанашия С. Н., О времени и условиях возникновения Абхазского царства, შრომები, [ტ.] 2, 1952.

ვ. გუჩუა