ლეონიდე

ლეონიდე (ლეონიდი, ერისკაცობაში – ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე) (15. II. 1861, სოფ. დისევი, გორის მაზრა, – 11. VI. 1921, თბილისი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1919–21. მის აღზრდაში დიდი როლი შეასრულა ბიძამ, ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ. სწავლობდა თბილ. სას. სასწავლებელში, სას. სემინარიაში, სტავროპოლის სას. სემინარიაში (1883), კიევის სას. აკადემიაში (1884), რ-იც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. 1887, ბერად აღკვეცის შემდეგ, ლეონიდე უწოდეს. იმავე წლის 29 მაისს ბერ-დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1888 წ. 2 მაისს – მღვდელ-მონაზვნად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1888 წ. 2 ოქტომბერს, დაინიშნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ მიერ დაარსებული სკოლების ინსპექტორად, აგრეთვე იყო საქართვ. საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი. მისი აქტიური მხარდაჭერით სკოლები გაიხსნა ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, საინგილოში. მალევე მისიონერული საქმიანობისათვის (იმ დროისთვის საკმაოდ შესუსტებული ქრისტიანობის საქადაგოდ) გაემგზავრა საინგილოსა და აჭარაში. 1892 ლ. გაამწესეს ზედაზნის მონასტრის იღუმენად, 1893 წ. 6 მაისს – ხირსის მონასტრის არქიმანდრიტად. იმავე წლის 24 ნოემბრიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ბლაღოჩინის მოვალეობასაც ასრულებდა. 1896 წ. 24 სექტემბერს ლ. ქართლ-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად დაადგინეს და საღვთო წიგნების გამსწორებელი კომიტეტის თავ-რედ დანიშნეს. 1897 წ. 14 ივლისიდან იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა. 1898 წ. 19 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ფლავიანემ (გოროდეცკი) ლ. თბილისის ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, რუსეთის სინოდმა კი გორის ვიკარ-ეპისკოპოსად დანიშნა. 1900 წ. 12 აგვისტოს ლ. იმერეთის ეპარქიის მმართველი იყო, ხოლო 1908 წ. 1 თებერვლიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიას განაგებდა.

ლ. ამხელდა რუსეთის ცარიზმის ანტიეროვნულ საეკლ. პოლიტიკას და აქტიურად მონაწილეობდა XX ს. დასაწყისში მიმდინარე ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. კირიონ II-სთან (საძაგლიშვილი) ერთად მონაწილეობდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ წინარე საეკლ. სათათბიროს სხდომებზე პეტერბურგში, განიხილავდა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და თვლიდა, რომ შექმნილი მძიმე ვითარების შეცვლა მხოლოდ ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებით იყო შესაძლებელი.

თავისი პოზიციის გამო ლ. მუდმივ დევნა-შევიწროებას განიცდიდა. რუსეთის 1917 წ. 27 თებერვლის რევოლუციის შემდეგ ლ-სა და სხვა ქართვ. სას. პირების ხელმძღვანელობით 1917 წ. 12/25 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარებულმა კრებამ საზ-ბას ამცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ლ-მ ქადაგებაში აღნიშნა, რომ ეკლესიის ავტოკეფალიას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ლ. საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის თავ-რედ დაადგინეს. ახალი კათოლიკოსის არჩევამდე კი მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა. მისივე განკარგულებით ქართველმა სამღვდელოებამ კავშირი გაწყვიტა რუსეთის სინოდთან და ყოფილ ეგზარქოს პლატონთან (როჟდესტვენსკი), ეკლესიებში აღდგა ქართული წირვა-ლოცვა და გალობა. 1917 წ. 12 აგვისტოს ლ. დაადგინეს თბილელ მიტროპოლიტად.

კირიონ II-ის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ლ. კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობას ასრულებდა. 1919 წ. 22 თებერვალს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იგი დაუპირისპირდა ხელისუფლებაში მოსულ რელიგიისადმი ნიჰილისტურად განწყობილ მთავრობას, კერძოდ ნ. ჟორდანიას და წინ აღუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალდადგენილ პატრიარქ ტიხონს (ბელავინი), ასევე პროტესტით შეხვდა საქართველოს გასაბჭოებას.

ლ. საეჭვო ვითარებაში, ოფიციალური ვერსიით ქოლერით, გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

ლიტ.: ბუბულაშვილი ე., საინტერესო დოკუმენტი ეგზარქოსობის დროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესახებ (ეპისკოპოს ლეონიდე ოქროპირიძის მიმართვა ათონის მთაზე მოღვაწე მამებს), „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი“, 2014, №1–2; მისივე, კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა „ჯვარი ვაზისა“, 2017, №1; მისივე, კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდე ოქროპირიძის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი“, 2017, №3–4; მისივე, ზაქარია ჭიჭინაძე, მიტროპოლიტ ლეონიდე ოქროპირიძის მოღვაწეობის შესახებ, „რელიგია“, 2019, №1; ვარდოსანიძე ს., სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე (1861–1921 წწ. ), თბ., 2014.

ე. ბუბულაშვილი