ლეონიდე მიტროპოლიტი (ერისკაცობაში ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია) (1. XII. 1885, სოფ. ლეჯიქეთი, ზუგდიდის მაზრა, – 14. XII. 1964, სოხუმი, დაკრძალულია ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიაში), სასულიერო მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება სენაკის სას. სასწავლებელში მიიღო. 1903–07 – სტავროპოლის სას. სემინარიაში, ხოლო 1907–11 ხარკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე სწავლობდა და გარკვეული პერიოდი (1911–57) ამავე მიმართულებით მსახურობდა. 1957 კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად. მალევე უბოძეს მთავარდიაკვნის წოდება, რის შემდეგაც მღვდელ-მონაზვნად, 1957 კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად აკურთხეს, სადაც, ურთულეს პირობებში მოღვაწეობის მიუხედავად, შეძლო ეპარქიის წარმატებით მართვა. 1958–59 ასრულებდა საქართვ. კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას.
ლ. მ-ს მიღებული აქვს „რომანოვების სამასი წლის დინასტიის მეფობის მედალი“ (1913); მედალი ომში მამაცური შრომისათვის (1941–45); კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის მიერ კუნკულ-ბარტყულაზე თვლებიანი ჯვარი (1958) და წმ. ნინოს ორდენი (1964).
ლიტ.: ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟვანია ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994.