ლეონიძე გიორგი ნიკოლოზის ძე

ლეონიძე გიორგი ნიკოლოზის ძე [27. XII. 1899 (8. I. 1900), სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 9. VIII. 1966, თბილისი], პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. სახ. პოეტი (1959), საქართვ. მეცნიერებათა აკად. აკადემიკოსი (1944). თბილ. სას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1913-იდან თბილ. სას. სემინარიაში სწავლობდა. პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზ. „სინათლე“); ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რ-იც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა 1915 გაზ. „განათლებაში“) გამოეხმაურა პოეტს. 1912-იდან ლ-ის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლ-ის ლექსებში, წერილში „ოსკარ უაილდი“ (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, №15) და სხვ., აშკარად გამოჩნდა მისი მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რ-ებთანაც ანათესავებდა ქართ. ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექ. სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რ-მაც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი“, 1919; „მზე ტაბასტა“, 1922; „ავტოპორტრეტი“ და სხვ., წერილები და ნარკვევები). 1921 ლ-მ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებ. „რევოლუციის პოეტები“. 1922–23 რედაქტორობდა „ცისფერყანწელთა ყოველკვირეულ სალიტ. გაზ. „ბახტრიონს“.

ლ. თვითმყოფი და ღრმად ეროვნ. პოეტია, რ-ის ადრინდელმა ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღური ღამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვ.) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX ს. ქართ. პოეზიაში.

საქართვ. ისტ. წარსულისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი „ქართლის ცხოვრება“ პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება“», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“», „წინაპრებს“, 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“», 1929; „დიდ თამარს“, „დავით აღმაშენებელს“, 1941 და სხვ.).

ლ-ის პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი მრწამსი ჩამოყალიბებულია ლექსში „ვუმღერ სამშობლოს“. პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული“ სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რ-ის საწინდარია ლექსისა და ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია“).

თბილისს მიუძღვნა ლ-მ ლექსების კრებული „თბილისის განთიადები“ („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა“, 1926; „თბილისის განთიადი“, 1935; „თბილისო, ჩვენო თბილისო“, 1940; „თბილისს“, 1947 და სხვ.).

პოეტი გამოეხმაურა II მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“ 1943; „არ დაიდარდო დედაო“, 1944 და სხვ). სამშობლოს ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი სიმღერად იქცა.

ლ-ის ლირ.-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1950) და „ფორთოხალა“ (1951; სტალინური პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილია ისტ. თემასთან თავისებურ კავშირში. „ფორთოხალა“ ისტ. შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლ-ის პოემებია აგრეთვე სტალინისადმი მიძღვნილი „ბავშვობა და ყრმობა“ (1939; სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1937) და სხვ.

ლ-ის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962; იმავე სახელწოდების ფილმი, რეჟ. თ. აბულაძე, 1976) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი. დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით გააზრებული პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგება. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.

ლ. ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართ. ლიტ-რის, განსაკუთრებით ძვ. ქართ. მწერლობის, ქართ.-რუს., ქართ.-უკრ. ლიტ. ურთიერთობათა მკვლევარი, ძვ. ხელნაწერების მაძიებელი და გამომცემელი. XX ს. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა საქ. სსრ სახელმწიფო ლიტ-რის მუზეუმი (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რ-საც თვითონვე რედაქტორობდა. 1940–48 „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო. 1951–53 ხელმძღვანელობდა საქართვ. მწერალთა კავშირს, 1957–66 – შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. ინ-ტს.

ლ-მ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებით გამოსცა მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკი“ (1920), ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939) და სხვ. ლ. ავტორია გამოკვლევებისა „ვეფხისტყაოსნის“, ვახტანგ VI-ის, დ. გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვისა და სხვათა შესახებ. კინოფილმ „ჯურღაის ფარის“ (1944, რეჟ-ები ს. დოლიძე, დ. რონდელი) სცენარისთვის მიენიჭა სტალინური პრემია (1950).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

თხზ.: ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1. XVII–XVIII სს. თბ., 1949; კრ. ექვს ტომად, ტ. 1–2, თბ., 1962–63; რჩეული, თბ., 1958; გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959; სულხან-საბა ორბელიანი, თბ., 2004; ნამცვრევნი (წერილები, სიტყვები, ექსპრომტები, თბ., 2000); ნატვრის ხე, თბ., 2021.

ლიტ.: გიორგი (გოგლა) ლეონიძე, შემდგ. ვ. ასათიანი, თბ., 2021; გიორგი ლეონიძე – 120, თბ., 2019; კალანდაძე გ., გიორგი ლეონიძის შემოქმედება, თბ., 1967; კვიტაიშვილი ე., ქართული სიტყვის ბაზიერი, თბ., 2021; ლექსმცოდნეობა (გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი ლექსმცოდნეობის მეოთხე სამეცნიერო სესია – მასალები), თბ., 2010; მარგველაშვილი გ., ლიტერატურული წერილები, თბ., 1972; ნიკოლეიშვილი ა., გიორგი ლეონიძის ლირიკა, ქუთ., 1993; სამშობლო მისი ლექსის სახელი, თბ., 1970; ხერხეულიძე გ., გიორგი ლეონიძის პოეზია, თბ., 1959.

გ. მარგველაშვილი