ლეონიძე ლევან ნიკოლოზის ძე (3. I. 1893, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 1937), ვეტერინარი ექიმი, მიკრობიოლოგი. გ. ლეონიძის ძმა.
1918 დაამთავრა ყაზანის ვეტ. ინ-ტი. მუშაობდა დუშეთში ვეტექიმად, 1920-იდან – თსუ-ის ფიზიოლ. და მერძევეობის კათედრაზე. 1925 სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ქ. კიოლნის ბაქტერიოლოგიურ ინ-ტში დაიცვა დისერტაცია და დააარსა (1927) ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. 1928 სამუშაოდ გადავიდა ქ. ლენინგრადში (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი), სადაც ჩამოაყალიბა საექსპორტო საქონლის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია. 1929 ლ. საქართვ. ექსპერ. ვეტერინარიის სახელმწ. ინ-ტის დირექტორია, შეთავსებით – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მერძევეობის კათედრის გამგე. ლ. იყო საქართვ. ზოოვეტ. ინ-ტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და სავეტერინარო ფაკ-ტის პირველი დეკანი და პედაგოგი.
იკვლევდა სას.-სამ. პროდუქტების შენახვის წესებს. შეიმუშავა ამ დარგში გაზაციის მეთოდი. შეისწავლა ტექ. მიკრობიოლოგიის საკითხები და სხვ. ავტორია მეღორეობის პირველი ქართ. სახელმძღვანელოსი (1924) და მესაქონლეობის პირველი ქართ. ლექსიკონისა (1925), რ-იც, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, გამოიყენეს ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის შედგენისას. ლ-მ შეაგროვა საქართვ. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში დამკვიდრებული ყოფის ამსახველი დიალექტის ნიმუშები, რ-იც 1946 შეიძინა ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერ. კულტურის ინ-ტმა (ამჟამად დაცულია სსიპ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინ-ტში). ლ-ს გამოქვეყნებული აქვს ასევე ნაშრომები გერმ. ენაზე.
ლ. ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.
კ. კაპანაძე