ლეონტიევი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე

ლეონტიევი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე (1876, სანქტ-პეტერბურგი, – 21. VII. 1951, თბილისი), არქიტექტორი. 1904 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინ-ტი და მიიღო სამოქალაქო ინჟინრის წოდება. 1904–07 მუშაობდა ქ. ალექსანდროპოლის (ამჟამად ქ. გიუმრი, სომხეთი) ქალაქის არქიტექტორის თანამდებობაზე. 1908–15 იყო თბილ. საგუბერნიო სამმართველოს სამშენებლო განყ-ბის რიგგარეშე ტექნიკოსი, 1915–19 – კავკასიის საუფლისწულო მამულების ინსპექტორის სამმართველოს არქიტექტორი. 1924–38 ლ. მუშაობდა თბილ. სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში. 1941–46 ასრულებდა გრაფიკულ სამუშაოებს საქართვ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინ-ტისათვის. ლ. მაღალი პროფესიული ოსტატობით გამორჩეულ პროექტებში თავდაპირველად მიმართავდა მოდერნს; 20–30-იან წლებში იყენებდა კონსტრუქტივიზმის პრინციპებსა და ხერხებს, ამავე დროს ცდილობდა თანამედროვე არქიტექტურაში ქართული ეროვნ. არქიტ. ფორმების გამოყენებას, ანუ ე. წ. „ქართული სტილის“ შექმნას. ლ. ავტორია რამდენიმე სამეცნ. სტატიისა, რ-ებშიც განხილულია არქიტექტურის სხვადასხვა საკითხი.

საკონკურსო პროექტები თბილისში: ტუბერკულოზის დისპანსერი (1927); „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობა (1927, არქიტ. დ. ჩისლიევთან ერთად), საცხოვრ. სახლი მელიქიშვილისა და ახლანდ. კოსტავას ქუჩების კუთხეში (1927, ამჟამად აღარ არსებობს). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრ. სახლები თბილისში; გოგებაშვილის ქ. 11 (1911–13), ერისთავ-ხოშტარიას ქ. 36 (1914), მაყაშვილის ქ. 18 (1915), მაყაშვილის ქ. 22 (1908–15); ორბინიანი კოტეჯი ზაჰესში (1924); ზემო ავჭალის ჰესის კომპლექსი (1927, ა. კალგინთან და მ. მაჭავარიანთან ერთად), რ-ის არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია იმ დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაზე; ტუბდისპანსერი მელიქიშვილის 10 (1930,  თბილისი); ყოფ. საფერშლო სკოლა (1938, ამჟამად. თბილისის №150-ე საჯარო სკოლა, დგებუაძის, 4) და სხვ.

თ. გერსამია