ლეჟავა ანდრო მათეს ძე

ლეჟავა ანდრო მათეს ძე (19. II. 1870, სიღნაღი, – 8. X. 1937), საბჭოთა პარტიული მოღვაწე, „ცენტროსოიუზის“ გამგეობის პირველი საბჭ. თავ-რე (1919–20), საშინაო ვაჭრობის სახ. კომისარი (1922–24). 1893 დაამთავრა თბილისის მასწავლებელთა ინ-ტი. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება XIX ს. 90-იან წლებში. 1893 გადავიდა მოსკოვში. 1894 აპრილში სმოლენსკში დააპატიმრეს „ნაროდნოე პრავოს“ პარტიის არალეგალური სტამბის ორგანიზებაში მონაწილეობისთვის. 2 წელზე მეტი დაჰყო პეტრე-პავლეს ციხეში, 5 წელი კი გადასახლებული იყო იაკუტიაში. გადასახლების შემდეგ პარტიული მუშაობა განაგრძო ვორონეჟში, ნიჟნი-ნოვგოროდში, სარატოვსა და მოსკოვში. 1924–30 ერთდროულად იყო რსფსრ სახკომსაბჭოს თავ-რის მოადგილე და რსფსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტის თავ-რე; 1932–34 – სსრკ სოფ. მეურნეობის სახ. კომისრის მოადგილე, ამავე დროს – სსრკ სუბტროპიკული კულტურების მთავარი სამმართველოს უფროსი (1933–37). იყო სრულიად რუსეთის ცაკ-ის და სსრკ მე-3–მე-5 მოწვევის ცაკ-ის წევრი; სკკპ(ბ) ცენტრ. საკონტროლო კომისიის წევრი (1927–30). X, XIII, XVII პარტიის ყრილობების დელეგატი.

ლ. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სიფრთხილით უყურებდა სტალინის მიერ ძალაუფლების უზურპაციას. XX ს. 30-იან წლებში გახდა „რიუტინის პლატფორმის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.