ლეჟავა გია გრიგოლის ძე (26. XI. 1944, თბილისი, – 19. II. 2011, იქვე), კინოსა და თეატრის მსახიობი. 1969 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (ლ. იოსელიანის და რ. მირცხულავას ჯგუფი). 1970–74 იყო მარჯანიშვილის, 1974–2009 – რუსთავის თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ბობჩინსკი (ი. გოგოლის „რევიზორი“), ტიგრან გულოიანი (ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“’) კლავდიუსი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), გოგებაშვილი (ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“), მებაღე (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), და სხვ. 13 წლისამ შეასრულა გიმნაზისტის როლი ფილმში „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1958). პროფესიული დებიუტი შედგა ფილმში „თეთრი სახლები“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1975); მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გადაღებულ 30-ზე მეტ ფილმში, მ. შ. „მოცურავე“ (რეჟ. ი. კვირიკაძე, 1981), „დიმიტრი II“ (რეჟ. რ. ხოტივარი, 1982), „რობინზონიადა, ანუ ჩვენი ინგლისელი პაპა“ (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1984), „დამშვიდობება“ (რეჟ. ზ. თუთბერიძე, 1987), „შემსრულებელი №977“ (რეჟ. ო. ლითანიშვილი, 1989), „თბილისი ჩემი სახლია“ (რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1994), „წარსულის აჩრდილები“ (რეჟ. ლ. თუთბერიძე, 1996), „ანთიმოზ ივერიელი“ (რეჟ. გ. ჭოხონელიძე, 2001), „ბზარი“ (რეჟ. ნ. ბასილაია, 2006) და სხვ.
მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში: „მარადისობის კანონი“, „თეთრი ბაირაღები“ (რეჟ. თ. ჩხეიძე) და მონოსპექტაკლში „ბავშვი“ (რეჟ. ა. დიდებულიძე). ლ. გამოირჩეოდა მეტყველი, სახასიათო ვიზუალით. შესასრულებელი როლების ღრმა წვდომით.