ლეჟავა ვლადიმერ ნესტორის ძე (22. V. 1901, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 1. IV. 1968, ლენინგრადი, დაკრძალულია თბილისში), საბჭოთა კონტრ-ადმირალი (1951). 1927 დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) მ. ფრუნზეს სახ. უმაღლესი სამხ.-საზღვ. სასწავლებელი. 1927–32 მსახურობდა კასპიის სამხ. ფლოტილიაში; 1933–37 იყო კასპიის სამხ. ფლოტილიის დივიზიის მეთაური, 1937 გადაიყვანეს ბალტიის ზღვის სამხ. ფლოტში, 1939-იდან მეთაურობდა საესკადრო ნაღმოსანთა ბატალიონს. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში (1939–40) სსრკ-ფინეთის ომში. 1941 იყო კრონშტადტის სამხ. კომენდანტი, 1942–43 – ლენინგრადის სამხ. ბაზის შტაბის უფროსი და ბალტიის ფლოტის რაზმის მეთაური, 1954– 60 – ბალტიის ფლოტის სარდლის მოადგილე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვა სახელმწ. ჯილდოებით.
ლ. დოლიძე