ლეჟავა თამაზ ივანეს ძე (9. XI. 1933, თბილისი, – 7. VII. 2009, იქვე), ქიმიკოსი, ქიმიის მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1995). დაამთავრა სპი-ს (ახლანდ. სტუ) ქიმიის ფაკ-ტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლ. სპეციალობით (1957). მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. ფიზ. ქიმიის ინ-ტში (1962–64); საქართვ. მეცნ. აკად. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1965–81), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1981–2009), იყო ამ ინ-ტის დირექტორის მოადგილე და ელექტროკრისტალიზაციის, დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორ. ხელმძღვანელი.
ლ-ს ნაშრომები ეხება ელექტროკრისტალიზაციის პროცესის ფუნდამენტურ საკითხებს და ელექტროქიმიური და არაორგანული ტექნოლოგიების კვლევებს; მან შეასრულა მრავალი ტექნოლ. ხასიათის პროექტი ქრომის, სპილენძისა და ოქროს ჰიდრომეტალურგიაში, კერძოდ მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კარიერული წყლების გაწმენდისა და უტილიზაციისათვის.
ლ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიის; მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა და პატენტი. მისი ნაშრომები მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს თეორიული ელექტროქიმიის დარგში. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის პრემია ქიმიაში (2003), ღირსების ორდენი (2004).
ლიტ.: Акселерация при электроосаждении металлов. Тб., Мецниереба, 1997; распределение металла на сложнопрофильном катоде при электроосаждении меди в условиях принудительной конвекции (თანაავტ.). Электрохимия, т. 39, 2003.