ლეჟავა ოლღა ვასილის ასული

ლეჟავა ოლღა ვასილის ასული [23. VII. 1880, სოფ. ავჭალა, გარდაბნის რ-ნი (ამჟამად თბილისი), – II. 1960, იქვე], თეატრისა და კინოს მსახიობი. დაწყებითი განათლება მიიღო მცხეთის სამთავროს მონასტერთან არსებულ სკოლაში. 1897 დაამთავრა მცხეთის „პროგიმნაზია“. 1899 სოფ. ავჭალაში თბილისელმა სცენისმოყვარეებმა დადგეს ა. ცაგარლის „ციმბირელი“, სადაც ლ-მ შეასრულა მაშიკოს როლი. ამ წარმოდგენის შემდეგ მას აქტიურად იწვევდნენ სხვადასხვა როლზე. ა. ფურცელაძისა და ს. მგალობლიშვილის რჩევით, ახალგაზრდა მსახიობმა მუშაობა დაიწყო პროფესიულ თეატრში.

ლ-ს სადებიუტო წარმოდგენა გაიმართა 1901; თბილისის თეატრის სცენაზე შეასრულა თინას როლი ვ. გუნიას მიერ გადმოკეთებულ პიესაში „ციხის საიდუმლო“. წარმატებით შესრულებული როლის შემდეგ დასში მსახიობად ჩარიცხეს, სადაც იმუშავა 1913-მდე; 1913–14 გამოდიოდა ბათუმის, 1914–17 კი – თბილისის ზუბალაშვილის სახალხო სახლთან არსებულ დრამწრეებში. 1917–26 ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასშია. 1926–28 თანამშრომლობდა მსახიობთა სხვადასხვა კოლექტივთან. 1929–30 თელავის, ხოლო 1931–32 სოხუმის თეატრების მსახიობი იყო. 1933–43 მუშაობდა „სახკინმრეწვში“.

ლ-ს შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები, მ. შ. გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ტურფა (ა. წერეთლის „პატარა კახი“), ირინე (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“), მარიამი (ვ. ყიფიანის „სამეგრელოს მთავარი ლევანი“), დეზდემონა, კორდილია (უ. შექსპირის „ოტელო“, „მეფე ლირი“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „უკანასკნელი მასკარადი“ (მიტოს დედა, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1934); „კოლხეთის ჩირაღდნები“ (ვარლამის დედა, რეჟ. დ. რონდელი, 1941); ეპიზოდური როლები შეასრულა „არსენაში“, „გიორგი სააკაძესა“ და „ნარინჯის ველში“.

ლიტ.: ყიფიანი კ., დავითაია ე., ქართველი მსახიობი ქალები, თბ., 1962.