ლეჟავა (ფსევდ. სევდიანი) პლატონ დარისპანის ძე (1881, სოფ. ფარცხნალი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 1956, თბილისი), კრიტიკოსი, მთარგმნელი, საავტორო მუსიკის შემსრულებელი. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან, მ. შ. სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებთან „პლატონ ბეის“ ფსევდონიმით. მისი ნარკვევები ეძღვნება რელიგიის ისტორიას და სხვ. საკითხებს. საქართვ. გასაბჭოების პირველ წლებში მუშაობდა კონსულად თურქეთში. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. რუსულად თარგმნა ნ. ლომოურის მოთხრობა „პატარა მეგობრები“. მანვე შეკრიბა სერგია ერისთავის ოხუნჯობანი (გამოიცა ორჯერ). ლ. ავტორია პოპულ. სიმღერების ტექსტებისა და მელოდიებისა: „სალამურსა გულში ჩავწვდი“, „საქათმეში შეპარულა მელა“, „გიმნაზისტი გიმნაზისტკას“, „ხელი მისკენ მიცოცავს“ და სხვ. მეუღლესთან ერთად იყო ამ სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი.
ლიტ.: ქართული პოეზია, XIX–XX სს. დასაწყისი, ტ. 11, თბ., 1980.
ს. ლეჟავა