ლეჟავა შამშე კონსტანტინეს ძე

ლეჟავა შამშე (სიმონ) კონსტანტინეს ძე [1(12). I. 1876, სოფ. წკადისი, რაჭის მაზრა, – 20. IX. 1937]. მედ. დოქტორი. რევ. მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. კურორტ შოვის დამაარსებელი.

1896 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო ოდესის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე. იყო რსდმპ-ის წევრი 1896- იდან. 1904 დააპატიმრეს ოდესის სტუდენტთა საგაფიცვო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის. 1905 პოლიციის ზედამხედველობით დააბრუნეს მშობლიურ სოფელში. 1906 არალეგალურად გაემგზავრა ვენაში, სადაც დაამთავრა (1910) ვენის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი; შემდეგ გაემგზავრა ჟენევაში. აქ დაინტერესდა და შეისწავლა ავსტრიის, გერმანიისა და შვეიცარიის კურორტები.

1910 ლ. დაბრუნდა სამშობლოში, სადაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო და პარტიულ თანამდებობაზე. მისი ინიციატივით შვეიცარიის კურორტების სტილში დაიწყო კურორტ შოვის მშენებლობა, რისთვისაც მოსკოვიდან ჩამოიყვანა რუსი არქიტექტორი ი. კოლჩინი. 1925 წ. 15 ივლისს საძირკველი ჩაეყარა სანატორიუმის მშენებლობას, რ-იც 1928 მზად იყო საექსპლუატაციოდ. ლ. დაინიშნა კურორტის დირექტორად. აშენდა სანატორიუმის შენობები, სასტუმრო, ელექტროსადგური, პოლიკლინიკა. 1929 საკურორტო სამმართველოს საზეიმო ვითრებაში გადაეცა კურორტი შოვი, ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები.

კურორტს ლ-ს პატივსაცემად „შოვი“ ეწოდა.

ლ. ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.

ი. თარხან-მოურავი