ლესინგი (Lessing) გოტჰოლდ ეფრაიმ (22. I. 1729, კამენცი, საქსონია, – 15. II. 1781, ბრაუნშვაიგი), გერმანელი მწერალი, განმანათლებელი. გერმ. კლასიკური ლიტ-რის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა ლაიფციგისა და ვიტენბერგის უნ-ტებში. 1767–69 იყო ჰამბურგის ეროვნ. თეატრის რეცენზენტი. 1777-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ბრაუნშვაიგის ჰერცოგის ბ-კაში. ავტორია პიესების, კომედიების, იგავ-არაკების, ტრაგედიების, ესთეტ. ხასიათის ნაშრომების და სხვ. მნიშვნელოვანია ლ-ის პიესები: „ახალგაზრდა მეცნიერი“ (1747–48), „ებრაელები“ (1749), „თავისუფლად მოაზროვნე“ (1749), „ნათან ბრძენი“ (1779) და სხვ.; ტრაგედიები: „მის სარა სამფსონი“ (1755), „ემილია გალოტი“ (1772); ნაშრომები: „წერილები უახლესი გერმანული ლიტერატურის შესახებ“ (1759–65), „ლაოკოონი, ანუ პოეზიასა და მხატვრობას შორის არსებული საზღვრების შესახებ“ (1766), „მსჯელობანი იგავ-არაკის თაობაზე“ (1759), „ანტიკვარული შინაარსის წერილები“ (1768–69), „ერნსტი და ფალკი“ (1778) და სხვ.
ქართულ ენაზე უკვე XIX ს-ში ითარგმნა „ემილია გალოტი“ და „ნათან ბრძენი“. ლ-ის თეორ. შეხედულებებს დიდად აფასებდნენ ქართ. საზ-ბის თავკაცები. ი. ჭავჭავაძე ლ-ს უწოდებს „სახელოვან გერმანელ კრიტიკოსს“, „მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულ გერმანელს“, ხოლო მის „ლაოკოონს“ მიიჩნევს „სახელოვან თხზულებად“. გ. წერეთელი თვლიდა, რომ ეს ნაშრომი ლიტ-რის სფეროში ღირებულებათა საზომი იყო. ლ-ის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნა ხომლელმა (რ. ფანცხავა) ნაშრომი „გოტოლდ ლესინგი“, რ-იც დაიბეჭდა ჟურნ. „აკაკის თვიურ კრებულში“ (1899, №3–5). ლ-ის პიესებიდან ქართ. თეატრების სცენაზე დაიდგა „ემილია გალოტი“ (1962, გორის სახელმწ. თეატრი) და „ნათან ბრძენი“ (1976, რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი). გამოიცა ლ-ის პიესების ერთტომეული.
თხზ.: Gesammelte Werke, Bd. 1–10, B., 1954–58; Собр. соч. 1–10, СПб, 1904; დრამები, თბ., 1958; ლაოკოონი ანუ მხატვრობისა და პოეზიის საზღვრების შესახებ, თბ., 1986.
ლიტ.: ბოკუჩავა მ., ლესინგის ქართული პორტრეტი, თბ., 2006; ნადირაძე გ., ლესინგი და საქართველო. წინასიტყვაობა, წგ.: მინა ფონ ბარნჰელმი, ანუ ჯარისკაცის ბედნიერება, თბ., 1946; რევიშვილი შ., ლესინგი და ქართველობა, წგ.: ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბ., 1969; Ghilla P., Lessing und sein Zeitalter, B., 1960.
შ. რევიშვილი