ლექვინაძე ვადიმ ალექსანდრეს ძე (22. I. 1931, თბილისი, – 25. X. 1992, იქვე), არქეოლოგი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1972). მამა, ჰანს რეკი, იყო ცნობილი ზოოლოგი. როგორც გერმანელი, 1942 გადაასახლეს შუა აზიაში; დედა, ელენე (თეთრგვარდიელი ოფიცრის, ნიკოლოზ სიპუნოვის ასული) ადრე გარდაიცვალა. ლ. ბებიამ, ე. დუმბაძემ გაზარდა და რეპრესიისგან გადასარჩენად გვარიც შეუცვალა. ლ-მ დაამთავრა თბილ. ვაჟთა მე-14 (რუსული) სკოლა (1949),
ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1954) და მუშაობა დაიწყო ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ფეოდ. ხანის არქეოლ. განყ-ბაში. 1957-იდან რეგულარულად მონაწილეობდა არქეოლ. ექსპედიციების საველე მუშაობაში. 1972-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მუზეუმის ნუმიზმატიკის განყ-ბას. იმავდროულად იყო კლასიკური და ქართ. მონეტების ძირითადი და სადუპლეტო ფონდების მცველი.
ლ. ავტორია მრავალი სამეცნ. სტატიისა, რ-ებიც უმეტესად გამოქვეყნებულია სსრკ ცენტრ. სამეცნ. პერიოდიკაში, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნესა“ და ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის „მოამბეში“. სტატიები ეხება გვიანანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების საქართვ. ნივთიერი კულტ. ისტ. საკითხებს (ოქრომჭედლობა, კერამიკული წარმოება, სამშენებლო ხელოვნება და სხვ).
ლ-ის კვლევის უმთავრესი ობიექტი იყო დას. საქართვ. ტერიტორიაზე არსებული I–VII სს. მონუმ. ხუროთმოძღვრების ძეგლები, ციხესიმაგრეები, ტაძრები. აღსანიშნავია დრანდის გუმბათიანი ტაძრის, ბიჭვინთის უძველესი საეპისკოპოსო კათედრალისა და მისი მოზაიკის კვლევები.
ლ-ს საერთაშ. აღიარება მოუტანა შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე განლაგებული რომაული ციხესიმაგრეების სისტემის შესწავლამ, რ-იც პონტოს ლიმესის სახელით შეიტანა სამეცნ. მიმოქცევაში.
თხზ.: რუსთაველის ხანის ოქრომჭედლობის ძეგლები. „საბჭოთა ხელოვნება“, 1966, №9; По поводу римских крепостей в Восточном Причерноморье, „Сообщения АН ГССР“, 1965, т. 40; Понтийский лимес, „Вестник древней истории“, 1969, №2; О древнейшей базилике Питиунта и её мозайках, იქვე, 1970, №2; Гантиадская базилика, „Советская археология‟, 1970, в. 3; Богатое погребение конца IV века из Уреки (Грузия), იქვე, 1975, в. 4.
ი. გაგოშიძე