ლექსიკა

ლექსიკა (ბერძნ. lexikos– სიტყვისა), ენაში არსებული სიტყვათა მარაგი, ენის ლექსიკური ფონდი. ლ. უშუალოდ ასახავს ენობრივი კოლექტივის ყოფას, ისტ.-ეთნ. რეალობას, მატერ. და სულიერ კულტურას და ამ თვალსაზრისით ის შეუცვლელი ისტ. წყაროა. ენის სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ლ. იოლად შეღწევადია და შედარებით სწრაფად იცვლება. ლ-ის ისტ. ცვალებადობაში გარკვეულ როლს ასრულებს გარეენობრივი გავლენები. მაგ., ქართულში ქრისტ. კულტურასთან დაკავშირებული ლ. (ისევე, როგორც ბევრ სხვა ენაში) უმთავრესად ბერძნ. ენისაგან არის დავალებული, მესაქონლეობის მიმართულებით მრავალი ტერმინი აღმოსავლური ენებიდან არის შეთვისებული, ხოლო XX ს. სამეცნ.-ტექნ. რევოლუციამ გამოიწვია ევრ. ენებიდან მთელი ტერმინოლოგიური პლასტების შემოჭრა. მეორე მხრივ, ლ-ის ცვალებადობას განაპირობებს ენის შინაგანი სიტყვაწარმოებითი პოტენციის მოქმედება – დერივაცია და კომპოზიცია, პოლისემია, ლექსიკალიზაცია და მისთ.

ლ-ის ისტ. დინამიკურობა არის საფუძველი ლექსიკური პარადიგმატიკის მრავალფეროვნებისა. ლ. განვითარების ნებისმიერ ეტაპზე სხვადასხვა ისტ. და ენობრივ დანაშრევს შეიცავს. სინქრონიულ დონეზე წარმოდგენილ ბუდეებში ერთდროულად შეიძლება გამოვლინდეს როგორც ძველი (არქაიზმები), ისე ახალი ლექსიკა (ნეოლოგიზმები), დიალექტური, პროფ.-ჟარგონული და სხვ. ლექსიკური ერთეულები. ამ მრავალფეროვნების შესაბამისად ტერმ. ლ. გამოიყენება ვიწრო გაგებითაც: პროფესიული ლ., დარგობრივი ლ., დიალექტური ლ., ჟარგონული ლ., ნასესხები ლ., საყოფაცხოვრებო ლ., პოეტური ლ., „ვეფხისტყაოსნის“ ლ., ექსპრესიული ლ., ვულგარული ლ. და მისთ. ლ-ის ცალკეული ჯგუფების გამოყოფის საფუძველია გარკვეული მეთოდით თუ თვალსაზრისით კონკრეტული ენობრივი ქვესისტემების შესწავლის აუცილებლობა, სიტყვათა სისტემატიზაციის, კლასიფიკაციის ინტერესი; მაგ., გამოიყოფა სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე სიტყვები; საზოგადო და საკუთარი, აბსტრაქტული და კონკრეტული სახელები; სინონიმური და ომონიმური მიმართებანი და სხვ. ლ-ის სპეციფიკურ ნაწილს შეადგენს ფრაზეოლოგიზმები, როგორც ლექსიკალიზებული შესიტყვებანი.

ლ-ის შემსწავლელი უმთავრესი დისციპლინებია ლექსიკოლოგია, ონომასიოლოგია, სტილისტიკა, ეტიმოლოგია, სოციოლინგვისტიკა, სალექსიკონო კლასიფიკაციის ასპექტით კი – ლექსიკოგრაფია.

ა. არაბული