ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე

მ. ლერმონტოვი

ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე [3(15). X. 1814, მოსკოვი, – 15(27). VII. 1841, პიატიგორსკი, დაკრძალულია სოფ. ტარხანში, რფ.], რუსი პოეტი. 1829 იგი მოსკოვის უნ-ტში ჩაირიცხა. 1832 ლ-მა მიატოვა უნ-ტი და სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც სამხ. სკოლა დაამთავრა. 1834-იდან მსახურობდა ჰუსართა პოლკში.

ლექსების წერა ლ-მა 1829 დაიწყო, გამოქვეყნება – 1837-იდან. სახელი გაუთქვა იმავე წელს ა. პუშკინის მკვლელობისადმი მიძღვნილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რ-იც მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად“ მიიჩნია. პოეტი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში გაამწესეს, სადაც მან 2–3 თვე დაყო (დაახლ. 1837 ოქტ.-დეკ.), გაეცნო ქართვ. მოღვაწეებს. საქართვ. ბუნებამ, ხალხის თავისებურმა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. 1837 ბოლოს ლ. რუსეთში დააბრუნეს, მაგრამ 1840 უმნიშვნელო საბაბით კვლავ გადაასახლეს ჩრდ. კავკასიაში. აქ მან რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ოფიცერ კ. მამაცაშვილთან ერთად. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნ. მარტინოვთან, რ-მაც იგი დუელში მოკლა.

მრავალფეროვანია ლ-ის შემოქმედება. მას ეკუთვნის ლექსები („თურქის ჩივილი“, 1829; „წინასწარმეტყველება“, 1830; „პოეტი“, 1838; „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“, 1841 და სხვ.), პოემები („აღსარება“, 1830; „თავისუფლების უკანასკნელი შვილი“, 1831 და სხვ.), პიესები („ადამიანები და ვნებები“, 1830, „მასკარადი“, 1835 და სხვ.), რომანი („ჩვენი დროის გმირი“, 1839) და სხვ. ლ-ის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა კავკასიის თემამ. ნაწარმოებებში მხატვრულად განსხეულდა კავკ. შთაბეჭდილებები, მთიელთა ყოფა და ბრძოლა თავისუფლებისათვის („კავკასია“, „კავკასიის ლურჯი მთები“, „ჩერქეზები“, „კავკასიის ტყვე“, „იზმაილ ბეი“ და სხვ.). პოეტის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, რ-იც მისი შთაგონების წყაროდ იქცა (ლექსები: „ქართული სიმღერა“, „თერგის საჩუქრები“, „პაემანი“, „თამარი“ და სხვ.). პოემა „მწირის“ (1839) მოქმედების ფონი საქართველოა. პოემაში „დემონი“ პოეტმა გამოიყენა ქართ. ლეგენდები, შექმნა ქართვ. ქალის – თამარის – მომხიბლავი სახე.

ლ-დმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართვ. რომანტიკოსები: გ. ორბელიანი (თარგმნა „მთანი მაღალნი“), ვ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა XIX ს. 60-იან წლებში. ლ-ის თხზულებები თარგმნეს ა. წერეთელმა, ი. ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, მ. ყიფიანმა, გ. აბაშიძემ, მ. გურიელმა და სხვ. ლ-ის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართ. ენაზე. მის შემოქმედებას მიმართეს ქართვ. კომპოზიტორებმაც (ო. თაქთაქიშვილის სიმფ. პოემა „მწირი“, ა. ბალანჩივაძის ამავე სახელწოდების ბალეტი, ს. ცინცაძის ბალეტი „დემონი“ და სხვ.).

თხზ.: Сочинения, т.1–6, М.-Л., 1954–57; პოემები, თბ., 1939, 1954; ლექსები და პოემები, თბ., 1944; ლირიკა, თბ., 1964; დრამები, თბ., 1972; ჩვენი დროის გმირი, თბ., 1978; რჩეული თხზულებანი, თბ., 1987; ლექსები, თბ., 2011.

ლიტ.: ანდრონიკაშვილი ი., საქართველო მ. ლერმონტოვის შემოქმედებაში, თბ., 1953; ბარამიძე მ., მ. ი. ლერმონტოვი ქართულ ლიტერატურულ კრიტიკასა და თარგმანებში, თბ., 1973; დანელია ს., მიხეილ ლერმონტოვი. ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1960; Андроников И. Л., Лермонтов. Исследования и находки, 2 изд., М., 1967; Мануилов В. А., Летопись жизни и творчества М. Ю. Лермонтова, М.-Л., 1964; Попов А. В., Лермонтов на Кавказе, Ставрополь, 1954; Шадури В. С., За хребтом Кавказа, Тб., 1977; Эйхенбаум Б. М., Статьи о Лермонтове, М.-Л., 1961.

ვ. შადური